მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში “რუსთავმა” საკუთარ მოედანზე "შსს აკადემიას” დიდი ანგარიშით 95:76 მოუგო, და "ქუთაისი 2010"-თან ერთად ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
სტუმართა რიგებში პირველად გამოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე, რომელმაც 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონი უნგრულ "კიორმენდში" დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მადიართა კლუბი დატოვა და კარიერას "შსს აკადემიაში" აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვნები შარაბიძით გაძლიერდნენ, ფავორიტად მაინც მასპინძლები ითვლებოდნენ. მეტოქისაგან განსხვავებით, "რუსთავმა" ახალი სეზონისთვის მზადება დროულად დაიწყო, გუნდიც დროულად დააკომპლექტა. რაც შეეხება "შსს აკადემიას", იგი ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო მოგვიანებით გადაწყვიტა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა და როგორც მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში აცხადებს, გუნდი ჯერაც არაა საბოლოოდ დაკომპლექტებული. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ მასპინძლებთა უპირატესობით ჩაიარა და მისივე გამარჟვებით დასრულდა 95:76.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები "რუსთავის" ამერიკელი ლეგიონერი ჰაიდენ ჰამესი და მისი თანაგუნდელი აკაკი დვალიშვილი გახდნენ, რომლებმაც 26-26 ქულა დააგროვეს. დვალიშვილმა აღნიშნულ ქულებს 16 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. ასევე ახლოს იყო სამმაგ დუბლთან მისი თანაგუნდელი ლევან ცეკვავა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დაფიქსირდა.
ამ მატჩშიც მიმდინარე ჩემპიონატის რამდენიმე რეკორდი გაუმჯობესდა. კერძოდ დვალიშვილის მიერ დაგროვილი 8 პასი ორით აღემატება ძველ შედეგს, რომელიც ერთბაშად ოთხ კალათბურთელს ნუგზარ აბულაძეს (ოლიმპი), რევაზ როგავას, ლევან ფაცაციას (ორივე "შსს აკადემია") და დვალიშვილის თანაგუნდელ მალხაზ აბაიშვილს ეკუთნოდა. ამ შეხვედრაში გაუმჯობესდა ერთი გუნდის მიერ ყველაზე მეტი და მთლიანად შეხვედრაში ნაჩვენები ქულების შედეგი. "რუსთავმა" 95 ქულით ახალი რეკორდი დაამყარა, ძველი შედეგი 84-84 ქულა "რუსთავსა" და "ქუთაისი-2010"-ს ეკუთნოდა. რაც შეეხება მატჩის მთლიან შედეგს (171), ჯერჯერობით საუკეთესოა მიმდინარე ჩემპიონატში. ძველი შედეგი 157 ქულა "ოლიმპი" - "ქუთაისი-2010"-ის შეხვედრაში იყო დაფიქსირებული.
ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 1-ელ ნოემბერს თბილისში, სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარდება.
"რუსთავი" - "შსს აკადემია" 95:76 (26-5, 13-25, 30-23, 26-23)
"რუსთავი": მაჭავარიანი (1პ), ჰამესი (26ქ, 7მ, 2პ), ქიტოშვილი (2ქ, 2მ, 1პ), ცეკვავა (3ქ, 2მ, 4პ), აბაიშვილი (3ქ, 2მ, 4პ), ჩაჩანიძე (2ქ, 3პ), ყველაშვილი, ჩოჩუა (14ქ, 6მ, 3პ), გუგავა (6ქ), დვალიშვილი (26ქ, 16მ, 8პ), დვალი, ლორთქიფანიძე (2ქ)
"შსს აკადემია": როგავა (9ქ, 1მ, 3პ), ჩიკვილაძე (21ქ, 5მ, 3პ), ლოლიშვილი (3ქ, 2მ, 4პ), შარაბიძე (15ქ, 4მ), ფაცაცია (13ქ, 8მ, 4პ), წივწივაძე (11ქ, 4მ, 3პ), ლომოური (2ქ, 3მ, 1პ), ბიბილური, ნოზაძე (2ქ, 1პ), ნადირაძე (1მ).
სატურნირო მდგომარეობა 31 ოქტომბრისათვის
1 | რუსთავი | 2 | 2 / 0 | 179 / 144 | 4 |
2 | ქუთაისი | 2 | 2 / 0 | 147 / 128 | 4 |
3 | შსს აკადემია | 2 | 1 / 1 | 158 / 166 | 3 |
4 | დინამო | 1 | 1 / 0 | 68 / 62 | 2 |
5 | ბათუმი | 2 | 0 / 2 | 117 / 131 | 2 |
6 | მგზავრები-არმია | 1 | 0 / 1 | 71 / 82 | 1 |
7 | სოხუმი | 1 | 0 / 1 | 68 / 84 | 1 |
8 | ოლიმპი | 1 | 0 / 1 | 73 / 84 | 1 |