24-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური ბათუმში ადგილობრივი "ბათუმი რსუსა" და "ქუთაისი 2010-ის" მატჩით დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე გუნდს სუპერლიგის სხვა გუნდებისაგან განსხვავებით, ფინანსური პრობლემები არ ჰქონიათ და ახალი სეზონისათვის მზადება დროულად დაიწყეს, გულშემატკივრები საინტერესო მატჩის მოლოდინში იყვნენ. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ქუთათურებმა გასვლაზე "ოლიმპი" 84;73 დაამარცხეს, ხოლო ზღვისპირელები თბილისში ადგილობრივ "დინამოსთან" 62:68 დამარცხდნენ.
დავუბრუნდეთ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც უაღრესად დაძაბული გამოდგა და შეიძლება ითქვას, გულშემატკივართა იმედი გაამართლა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 63:55 ქუთაისის სასარგებლოდ, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ჯერჯერობით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
კალათბურთში არსებობს ასეთი გამოთქმა მატჩს იგებს ის გუნდი, რომელიც მესამე მეოთხედს იგებს. დღევანდელ შეხვედრაში კი პირიქით მოხდა. ამჯერად ამ მონაკვეთში "ქუთაისი-2010-მა" კატასტროფული შედეგი აჩვენა მხოლოდ 1 ქულა გააკეთა და 1:14 დამარცხდა. აღნიშნულის მიუხედავად, სტუმრებმა დანარჩენ მეოთხედებში კარგად ითამაშეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩი მათ სასარგებლოდ დაასრულეს და ასპარეზობას ჯერჯერობით ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 18 ქულა მასპინძელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ნიკოლას კელოკმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა "ბათუმი-რსუს" კიდევ ერთი ლეგიონერი ქრისტოფერ ლეონ ფელჩერი, რომლის ანგარიშზე 14 ქულა და 12 მოხსნაა. სტუმართა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ძმებმა ბარბაქაძეებმა შეიტანეს. მათგან უფროსმა დავითმა ყველაზე მეტი 15 ქულა დააგროვა, რომელსაც უმცროსი გიორგი ქულით ჩამორჩა.
ამ მატჩში მიმდინარე ჩემპიონატის ორი რეკორდი გაუმჯობესდა. ერთ შეხვედრაში ბათუმმა ყველაძე ნაკლები 55 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ადრინდელი რეკორდიც “ბათუმი რსუს” ეკუთნოდა რომელმაც პირველ ტურშიც ყველაზე ნაკლები 62 ქულა დააგროვა. ასევე გაუმჯობესდა ერთ შეხვედრის დაბალშედეგიანობის, მთლიანი ქულების რეკორდი, რომელიც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა 118 ქულას შეადგენს. ძველი რეკორდი 130 ქულა ასევე ბათუმის დინამოსთან შეხვედრაში დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ "ბათუმი რსუ" დაცვაში კარგად თამაშობს, მაგრამ თავდასხმაში მოიკოჭლებს.
"ბათუმი რსუ"-"ქუთაისი 2010" 55:63 (18:21, 18:22, 14:1, 5:19)
"ქუთაისი 2010": ფაშაევი (9ქ, 5მ, 10პ), გრძელიძე (3ქ, 2მ, 2პ), ქადარია (4ქ, 2მ), კვიმსაძე (3მ, 3პ), ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (15ქ, 4მ, 2პ), ლომინაშვილი (7ქ, 14მ, 2პ), გ.ბარბაქაძე (14ქ, 6მ, 1პ), ბოისა (1მ, 1პ), ბექაური (11ქ, 7მ, 1პ).
"ბათუმი რსუ": აფხაზავა (1ქ), ფავაძე, მიქელაძე (10ქ, 4მ, 6პ), ელიაშვილი, რევაზაშვილი (3ქ, 1მ), ბაბილოძე, თენიეშვილი (8ქ, 4მ), კელოგი (18ქ, 2მ, 3პ), ბოლქვაძე (2პ), ფელჩერი (14ქ, 12მ, 2პ), ელიაძე (1ქ, 3მ, 1პ)