სხვა

14:26 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელჩის ვიზიტი სამინისტროში

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სლოვენიის ელჩს საქართველოში - ნატაშა პრაჰს და საელჩოს მეორე მდივან პეტრა ზუპანჩიჩს 31 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარ სპეციალისტთან - ანატოლი კორეპანოვთან ერთად შეხვდა.

სამინისტროში გამართულ გაცნობითი სახის შეხვედრაზე, მხარეებმა სპორტის სფეროში რამდენიმე მიმართულებაზე და საქართველოსა და სლოვენიას შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

სლოვენიის ელჩმა ინტერესი გამოხატა საქართველოში 2017 წელს გასამართი 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების და ზოგადად სამომავლოდ დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირების ირგვლივ.

ნატაშა პრაჰის განცხადებით, სლოვენიას მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს და დაინტერესების შემთხვევაში, სლოვენია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ამ კუთხითაც ითანამშრომლოს.

სლოვენიური გამოცდილების გაზიარების გარდა, ასევე შესაძლებელი გახდება ხელბურთის დარბაზების მშენებლობა-დაგეგმარების პროცესში სლოვენიური სამშენებლო კომპანიებიც ჩაერთონ და გამოცხადებულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრაზე საუბარი იყო 2015 წელს თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების შესახებ. თამაზ თევზაძემ სტუმრებს სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო და საქართველოს სპორტულ მიღწევებზეც ესაუბრა, ასევე გამოითქვა აზრი მომავალ წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს დელეგაციის სლოვენიაში სასწავლო ვიზიტის ორგანიზებაზე.

აღსანიშნავია, რომ ნატაშა პრაჰი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან საგარეო საქმეთა პოლიტიკის მიმართულებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტ – გიორგი მარგველაშვილთან.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.119407