ტურინის "იუვენტუსის" და "ნაპოლის" ფორვარდებს, ალვარო მორატასა და ხოსე კალეხონს 15 ნოემბერს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ.
ევროშესარჩევში ბელარუსთან მოგებულ მატჩში (3:0) "ფურია როხას" რიგებში კალეხონი მოედანზე 69-ე წუთზე, კასორლას ნაცვლად შევიდა, ხოლო მორატამ 80-ე წუთზე ისკო შეცვალა. მატჩის შემდეგ ორივე ფეხბურთელი ბედნიერი გახლდათ.
"ოცნება ამიხდა. ყოველთვის ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. დებიუტს ჩემ ოჯახს ვუძღვნი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და წარმატების მისაღწევად ყოველთვის ხელს მიწყობს. ვიმედოვნებ, ნაკრებში ასპარეზობას გავაგრძელებ და გერმანიის წინააღმდეგ მატჩში ვითამაშებ." - განაცხადა კალეხონმა.
"ეროვნულ ნაკრებში დებიუტით მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. ისკოს გოლი შესანიშნავი გახლდათ და გულშემატკივრებმა მოედანზე კარგი ატმოსფერო შექმნეს. მინდა "ფურია როხას" რიგებში დავრჩე და ესპანეთის მაისურით კიდევ დიდხანს ვიასპარეზო." - აღნიშნა გახარებულმა მორატამ.
ესპანელები 18 ნოემბერს შინ გერმანიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.