ფუკუოკაში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე მებრძოლებმა ეკვატორი გადალახეს, ერთადერთ დაუმარცხებელ სეკიტორად კი კვლავაც იოკოძუნა კაკურიუ რჩება, რომელმაც მიჯრით მე-8 გამარჯვება იზეიმა.
ლიდერს თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კისენოსატო და დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰო.
6 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს. აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ტოჩინოშინმა გასულ უქმეებზე ჯერ აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა კაისეის სძლია, შემდეგ კი, აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან დამარცხდა.
ნოემბრის სუპერტურნირზე გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოიუკი იქნება.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. შაბათს იგი აღმოსავლეთის მე-3 ნომერ სატოიამასთან სოტოგაკეთი დამარცხდა, კვირას კი დასავლეთის 1-ლი ნომერი კაგამიო იორიკირით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ფუკუოკაში დასავლეთის მე-5 ნომრით ირჯება და წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება მართებს. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-7 ნომერი ასასეკირიუ იქნება.