ოლეგ ბლოხინმა როგორც სამოთამაშეო, ასევე სამწვრთნელო ასპარეზზე ბევრს მიაღწია, თუმცა, საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც მის საფეხბურთო კარიერასაც აქილიკებენ და სადამრიგებლოსაც. აქაოდა, ფორვარდობისას ბლოხინი სწრაფად დარბოდა და დიდი ვერაფერი ოსტატობა ჰქონდაო, უკრაინის ნაკრების მწვრთნელობისას კი მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა მხოლოდ იღბლის წყალობააო. თუმცა, ასე გულშემატკივართა დიდი ნაწილი არ თვლის. ასეა თუ ისე, ქომაგთა ორივე ბანაკი ბლოხინის ინტერვიუს ინტერესით ჩაიკითხავს და ვინ იცის, იქნებ “ურწმუნო თომათა” ნაწილს ოლეგ ვლადიმიროვიჩზე აზრიც კი შეეცვალოს.
- თქვენ წიგნში “გოლის უფლება” დაწერეთ, რომ ოსტატობას უხეშობა კლავს. როდის უფრო რთული იყო “ბინძური” მცველების წინააღმდეგ თამაში – ახლა თუ უწინ?
- ადრე გაცილებით რთული იყო უხეში უკანახაზელების წინააღმდეგობის დაძლევა. ერთსა და იმავე ფეხბურთელს მატჩის მსვლელობისას შეეძლო რამდენჯერმე ფეხში უხეშად ჩაერტყა და მხოლოდ მეხუთე-მეექვსე ჯარიმისას მიეღო მსაჯისგან ყვითელი ბარათი. არასდროს დამავიწყდება 1975 წლის მაისში ერევანში ჩატარებული შეხვედრა. რამდენიმე დღის შემდეგ თასების თასის ფინალი გველოდა “ფერენცვაროშთან”, “არარატმა” კი “რაზდანზე” ნამდვილი “სასაკლაო” მოგვიწყო. სომეხი მოთამაშეები მთელი მატჩის განმავლობაში დაუნდობლად “გვჩეხდნენ”. საფინალო სასტვენის შემდეგ ექიმმა 7 ნაკერი დამადო და საევროთასო ფინალში ჩემი მონაწილეობა კითხვის ნიშნით იყო. ამგვარი შემთხვევები მრავლად შემიძლია გავიხსენო. ამჟამად კი განსხვავებული სიტუაციაა - როგორც კი მცველი ფორვარდს უკნიდან ჩაარტყამს, წითელი ბათი გარანტირებული აქვს.
- მცველთა უხეშობას ოსტატობის დეფიციტით ხსნით?
- რასაკვირველია.
- მოთამაშეობისას ყველაზე ხშირად ტრავმას რომელი უკანახაზელები გაყენებდნენ?
- ძირითადად მოსკოვის გუნდების მცველები – მოროზოვი, ნოვიკოვი, ნიკულინი...
- მათ მატჩის წინ არ სთხოვდით აკურატულად ეთამაშათ?
- როგორ არა! მაგრამ დაშტამპულ პასუხს ვიღებდი – საფეხბურთო მინდორზე მეგობრობა არ ვიცითო.
- სიმულაცია მოგწონათ?
- ჩემი პასუხი ძნელი გამოსაცნობი არაა - ვერ ვიტან! ამასთან, კარგი და ვაჟკაცი მოთამაშეები არ სიმულანტობენ. დამისახელეთ ამგვარი მაგალითები ინგლისურ პრემიერლიგაში. ნისლიან ალბიონზე სიმულანტებს ვერ იპოვით.
- ვერც იტალიაში?
- სამხრეთელები განსხვავებული მენტალობის ადამიანები არიან. ისინი ხშირად ჟესტიკულირებენ და ხელებითაც კი საუბრობენ. დააკვირდით ზოგიერთი ფეხბურთელის საქციელს. მეტოქის მიკარებასთან ერთად ისინი მინდორზე გაიშხლართებიან და ისე იკლაკნებიან, გეგონება აუტანელი ტკივილი აწუხებთ. არადა, გაივლის 30-იოდე წამი და თამაშს აგრძელებენ.
- ანალოგიური ფანდისთვის არასდროს მიგიმართავთ?
- არა და როდესაც მწვრთნელი გავხდი, ჩემ ფეხბურთელებს სიმულანტობას ვუკრძალავდი. საერთოდ, დამრიგებლის პროფესია უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოთამაშეობისას მეგონა. მწვრთნელმა ხომ ფეხბურთელს ჭკუა არა მარტო მინდორზე გასვლის წინ უნდა დაარიგოს, არამედ მატჩისთვის სათანადოდ მოამზადოს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბევრ რამეზე მიუთითოს.
- უკრაინის ნაკრების სათავაში ყოფნისას ასევე იქცეოდით? ეროვნულ გუნდში ხომ ჩამოყალიბებული ადამიანები ხვდებიან...
- მთლად მასეც არაა საქმე. ბევრი ძნელად “აღსაზრდელი” მოთამაშეც ხვდება ნაკრებში. მაგალითად, ლუის სუარესი იკბინება!
- ლობანოვსკის მთავარმწვრთნელობისას თავად თუ არღვევდით რეჟიმს?
- როდის უნდა მომესწრო ამის გაკეთება! მუდამჟამ შეკრებებზე ვიყავით და ისე ვიღლებოდი, არაქათი გამოცლილი მქონდა. თვეში ერთადერთი დღე ვისვენებდით და იმ დღეს შინიდან გასვლის სურვილი არ მქონდა.
- დავიჯეროთ, ერთხელაც არ “ჩავარდნილხართ”?
- მე, არა, მაგრამ გვყავდნენ “დინამოში” დისციპლინის დამრღვევნი. ვასილიჩი მათ იოლად აღმოაჩენდა ხოლმე. ცნობილი ფეხბურთელები ვიყავით და როგორც კი რესტორანში შევიდოდით, ლობანოვსკის საქმის კურსში აყენებდნენ. პრინციპში ახლაცაა შესაძლებელი მოთამაშეთა “გამოჭერა”.
- ეს როგორ?
- ერთხელ ბარში შევედი, ოფიციანტს 50 გრამი ვისკის დასხმა მოვთხოვე და ახსნა დავუწყე, ყინულის რამდენი ნაჭერი ჩაეგდო. მან კი მიპასუხა, მივხვდი, ნაკრების ესა და ეს ფეხბურთელიც ასევე მიკვეთავსო. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, მაგრამ იმ მოთამაშის გვარს მაინც არ გაგიმხელთ.
- ჟურნალისტებთან ხშირად გაქვთ პრობლემები...
- მრავლად არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობას პატივს ვცემ. მათთან არ კონტაქტს გავურბი და არც ხანგრძლივ საუბარს. მაგრამ ძალიან არ მსიამოვნებს, როცა დილეტანტები აკრიტიკებენ ოლეგ ბლოხინის მიერ შერჩეულ შემადგენლობას და ტაქტიკას. ზოგიერთები კი უფრო “შორს მიდიან” და ისეთი სიტყვების ავტორად წარმომაჩენენ, რომლებიც არასდროს მითქვამს. ხშირად თქვენი კოლეგები წერენ, რომ იღბლიანი ვარ და მწვრთნელობისა ცოტა რამ თუ გამეგება. მათი აზრით, მხოლოდ ფორტუნას წყალობაა, 2006 წლის მუნდიალზე უკრაინამ მეოთხედფინალს რომ უწია.
- მართალია, თითქოს მსოფლიოს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სტარტამდე იერუსალიმში გაემგზავრეთ და “გოდების კედელთან” მამაზეციერს საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გადალახვა სთხოვეთ?
- ასეა. ღმერთს მუნდიალის საგზური ვთხოვე. დღეს იმავე კედელთან რომ ვიდგე, შემოქმედთან არასაფეხბურთო თხოვნა მექნებოდა.
- პოლიტიკური საქმიანობა არ გენატრებათ?
- არა. პარლამენტში შემთხვევით მოვხვდი.
- ყველაზე არასასიამოვნოდ რა გახსენდებათ იმ პერიოდიდან?
- ადამიანი ტრიბუნასთან დგება და მეორეს შეურცხყოფას აყენებს. თავიდან ძალიან მიკვირდა, შემდეგ კი ამიხსნეს, რომ ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესიაო.
- ნანობთ, პარლამენტში ყოფნისას დრო რომ დაკარგეთ?
- არა, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. მახსოვს, სკოლის მოსწავლესავით ვუსმენდი გამოსვლებს. მეგონა პარლამენტის 450-ივე წევრი მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. შემდეგ მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო და ბევრი საკუთარ ინტერესს ატარებდა. სხდომების დროს დარბაზსაც ვტოვებდი, ყავას ვსვამდი და თამბაქოს იმ გრძნობით ვეწეოდი, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამომეპარებოდა. განსაკუთრებით მძიმე კი წინასაარჩევნო პერიოდი გახლდათ. ბევრს ვმოგზაურობდი და თვის განმავლობაში 5-6 კილოს ვიკლებდი.
- უკვე 4 წიგნის ავტორი ხართ. მეხუთეს დაწერას არ აპირებთ?
- ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია. ალბათ, რამე მნიშვნელოვანს უნდა მივაღწიო, მკითხველისთვის კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომი რომ გამოვიდეს. მაგრამ გარწმუნებთ, სამწერლო წერტილი ჯერ არ დამისვამს...