საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გენკში დაბრუნდა. ამ ეტაპზე, ის სარეზერვო გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be იუწყება.
“გენკის”სპორტული დირექტორის გიუნტერ ჯეიკობის თქმით, ოქრიაშვილი თავდაპირველად ძირითად გუნდში არ იქნება, მაგრამ სურთ ქართველი ფეხბურთელი თავდაპირველ დონეს დაუბრუნდეს.
“ის თავიდანვე პირველ გუნდში არ იქნება. თუმცა, გვსურს, რომ რაც შეიძლება მალე სათანადო დონეს დაუბრუნდეს. ამას როგორ გავაკეთებთ, ყველა ნახავს” – თქვა ჯეიკობმა.
“გენკის” მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი თბილისში ჩასვლა მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ოქრიაშვილისთვის, რომელსაც თავისი საქციელის რცხვენია. ფეხბურთელთან ერთად ბელგიაში დედა, ძმა და ცოლ-შვილი იქნებიან.