კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ხამეს როდრიგესმა mundodeportivo-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გოლების გატანა უყვარს, მაგრამ ის კრიშტიანუ რონალდუ არაა, 60 გოლი რომ გაიტანოს.
"რონალდუ გოლის გამტანი მანქანაა და ამავდროულად დიდებული პიროვნება. ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”? მას. ფორვარდი არ ვარ, გოლები რომ გავიტანო და არც კრიშტიანუ ვარ, რომელსაც 60 გოლი გააქვს. მადრიდის "რეალის" რიგებში ჩემი საუკეთესო მეგობრები რონალდუ, პეპე და მარსელო არიან." - განაცხადა კოლუმბიელმა.
საკლუბო დონეზე ხამეს როდრიგესმა “სამეფო კლუბის” მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა, მაშინ როცა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 11 მატჩში მეტოქის დამწუხრება 19-ჯერ შეძლო.