ბაქოს “ინტერის” ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე თანაგუნდელებს უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ მან azerisport.com-თან საუბარში განაცხადა.
ცხადაძე განვლილ ტურში ბაქოს “ნეფთჩისთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის 81-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. ამიტომ, 29 ოქტომბერს აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის ცენტრალურ შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც “ინტერი” შინ გათამაშების ლიდერ აგდამის “ყარაბაღთან” ჩაატარებს.
აგდამელებთან “ინტერის” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლაშა სალუქვაძე ვერ ითამაშებს, რომელმაც ტრავმა ასევე “ნეფთჩისთან” მატჩში მიიღო და 89-ე წუთზე შეცვალეს.