სხვა

13:49 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რა არის საჭირო მშვილდოსნობის ასაღორძინებლად?

27 ოქტომბერს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ დეპუტატებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობამ ჩვენს ქვეყანაში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აიდგა ფეხი, მნიშვნელოვანი წარმატებები ოდნავ გვიან მოვიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქეთევან ლოსაბერიძის ტრიუმფი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე. მან და სხვა ქართველმა მშვილდოსნებმა საერთაშორისო არენაზე ქვეყანა კიდევ არაერთხელ ასახელეს.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დღეისათვის სპორტის ეს სახეობაც ბევრი სირთულის წინაშე დგას. უმთავრესი პრობლემა ბაზების ნაკლებობა, წლების განმავლობაში ისინი გაიყიდა ან გაპარტახდა. ყოველივე ამან კი გამოიწვია მწვრთნელთა უმუშევრობა, წამყვან მშვილდოსანთა და სპეციალისტთა მიგრაცია უცხოეთში.

კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა მშვილდოსნობა კვლავ აღორძინდეს. ფედერაციის თავკაცთა აზრით, ამისათვის საჭიროა შეიქმნას საქართველოში მშვილდოსანთა კლუბების დაფუძნებისა და ფუნქციონირების სამართლებლივი ბაზა, სპეციალისტებთან ერთად დაიწყოს მუშაობა სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, აღირიცხოს მშვილდოსნობის ინფრასტრუქტურა, შემუშავდეს და ამოქმედდეს სპორტული ბაზების შექმნისათვის საჭირო პროგრამები, ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატები კლუბებს შორის, ასევე, საქართველოს განათლების სამინისტრომ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნონ საჯარო სკოლებში 10-12 წლის ასაკის მოსწავლეთათვის მშვილდოსნობის სექციების ჩამოყალიბებაზე.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგადად სპორტის და მათ შორის მშვილდოსნობის განვითარებისათვის სახელმწიფომ მეტი უნდა იზრუნოს, როგორც ფინანსურ, ასევე საკანონმდებლო დონეზე და დეპარტამენტის მთავარი საზრუნავი სწორედ ეს არის.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის და სეოკ-ის პრეზიდეტის ლერი ხაბელოვმა განაცხადებით, კომიტეტი მხარს უჭერს მშვილდოსნობის ფედერაციის პოზიციას, სპორტის ამ სახეობების მასობრიობის თაობაზე, ამისათვის კი პირველი ეტაპი პროცესში სკოლების ჩართვაა.

www.geonoc.org.ge

0.122797