ფეხბურთი

13:24 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილს არ უთამაშია, გოგიამ დუბლი შეასრულა

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, ნიქოზიის “ომონია” “დოქსას” ესტუმრა და სამი ქულა აიღო (1:0). ქართველმა ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა გამარჯვებულებში მოედანზე 90 წუთი გაატარა. მცველი უჩა ლობჟანიძე მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა. “ომონია” 13 ქულით 12 გუნდში მეორე ადგილზეა.

ბელარუსის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში “სლუცკი” ბრესტის “დინამოს” ესტუმრა 2:0 მოიგო. ფორვარდმა უჩა გოგოლაძემ სლუცკელთა რიგებში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 76 წუთი ითამაშა და შეცვალეს. “სლუცკი” 36 ქულით ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზეა.

ბობრუისკის “ბელშინამ” “მინსკი” მიიღო და 1:2 წააგო. ნახევარმცველი გიორგი მაღალდაძე ბობრუისკელთა თადარიგში იმყოფებოდა და თამაში არ მოუწია. “ბელშინა” 28 ქულით მეოთხეა.

მოგილიოვის “დნეპრმა” შინ გროდნოს “ნემანს” ვერ მოუგო – 1:1. ტრავმირებულ მცველ ნიკა მნათობიშვილს მოგილიოველებში არ უთამაშია. “დნეპრი” 17 ქულით ბოლოა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში “ულისმა” თანაქალაქელ “არარატს” სტუმრად 3:2 აჯობა. ფორვარდმა ზამირ ჯანაშიამ “ულისში” სრულად ითამაშა, ხოლო მცველი გიორგი ხუბუა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ულისი” 8-გუნდიან ჩემპიონატს 31 ქულით ლიდერობს.

“ბანანცმა” თავის მოედანზე “მიკასთან” 0:2 წააგო. ნახევარმცველი ოთარ ჩაფიძე სტუმართა რიგებში მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. “მიკა” 10 ქულით მეშვიდეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 34-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” გასვლაზე “ტრანსს” 5:2 აჯობა. ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა ტალინელებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ფლორაში” ერთი გოლი რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუამ გაიტანა. ტალინელები 76 ქულით 10 გუნდში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.

იოხვის “ლოკომოტივმა” “ტამეკა” მიიღო და 3 ქულა აიღო – 2:0. ფორვარდი ლაშა ნავერიანი მასპინძლების სამატჩო განაცხადში არ იყო. უკრაინის მოქალაქე კოტე ალანიამ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ლოკომოტივი” 18 ქულით მეცხრეა.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 34-ე ტურში, დაუგავპილსის “დაუგავამ” შინაურ კედლებში თანაქალაქელი “დაუგავპილსი” 5:0 გაანადგურა. მცველმა ბიძინა ცინცაძემ გამარჯვებულებში შეუცველლად ითამაშა. “დაუგავა” 65 ქულით 10 გუნდში მე-3 ადგილზეა. ლატვიის პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ზედიზედ მეორედ ჩემპიონი “ვენტსპილსი” გახდა, სადაც თორნიკე თარხნიშვილი გამოდის.

“იელგავამ” “იურმალა” მიიღო და 2:1 აჯობა. ნახევარმცველმა გიორგი დიაკვნიშვილმა დამარცხებულებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “იურმალა” 7 ქულით აუტსაიდერია.

“სპარტაკსმა” იურმალაში რიგის “დაუგავა” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “სპარტაკსი” 50 ქულით მეექვსეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში “ქიზილქუმმა” გასვლაზე “ნასაფთან” 0:2 წააგო. დამარცხებულთა შორის მარცხენა მცველმა გიორგი კვეისიეშვილმა 90 წუთი ითამაშა. “ქიზილქუმს” 26 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-8 ადგილზეა.

რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” კრასნოიარსკში ადგილობრივ “ენისეისთან” ქულა აიღო – 0:0. მცველი კახა ალადაშვილი ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 52-ე წუთზე გააძევეს. ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა 90 წუთი ითამაშა და 88-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “სკა-ენერგია” 20 ქულით 18 გუნდში მეთორმეტეა.

ტიხვინის “ტოსნომ” ნიჟნი ნოვგოროდში “ვოლგასთან” 1:3 წააგო. მეკარე ნუკრი რევიშვილმა და მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ “ტოსნოში” თავიდან ბოლომდე იასპარეზეს. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი მიხეილ გორელიშვილი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. “ვოლგაში” ფორვარდი მერაბ ურიდია შეცვლაზე 88-ე წუთზე შევიდა. “ტოსნო” 28 ქულით მეოთხეა, ხოლო “ვოლგა” 24 ქულით მეშვიდეა.

“სახალინი” შინაურ კედლებში იაროსლავლის “შინიკთან” 0:1 დამარცხდა. ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი სახალინელთა სასტარტოში იმყოფებოდნენ. პირველი მათგანი 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 74-ეზე. ხოჯავამ მე-7 წუთზე გააფრთხილეს, არზიანი კი – 42-ეზე. “სახალინი” 11 ქულით მე-16 ადგილზეა.

“ანჟი” მახაჩყალაში “სიბირთან” უქულოდ დარჩა – 1:3. მცველი გია გრიგალავა და ნახევარმცველი ლევან გვაზავა მახაჩყალელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყვნენ. “ანჟი” 30 ქულით მესამეა.

ძერჟინსკის “ხიმიკი” სანკტ-პეტერბურგში “დინამოსთან” 0:1 დამარცხდა. რუსეთის მოქალაქე მცველი გიორგი ჯიქია ძერჟინსკელებში 90 წუთი დაიხარჯა. “ხიმიკი” 10 ქულით მეჩვიდმეტეა.

კალინინგრადში “ბალტიკამ” “ტიუმენთან” მხოლოდ ქულა აიღო – 1:1. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელია ამჯერად მხოლოდ კალინინგრადელთა სათადარიგოებს შორის ჯდომით შემოიფარგლა. “ბალტიკა” 18 ქულით მეთოთხემეტეა.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” სამარაში “კრილია სოვეტოვთან” ქულა აიღო – 2:2. მცველმა გურამ თეთრაშვილმა “ლუჩში” 2 ტაიმი ითამაშა, ხოლო 31-ე წუთზე გააფრთხილეს. ვლადივოსტოკელები 22 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან.

ალბანეთის სუპერლიგის მე-9 ტურში ვლორეს “ფლამურტარი” გასვლაზე “კუკესისთან” 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ნიკა გელაშვილი ვლორელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ფლამურტარი” 13 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.

თურქეთის პირველი ლიგის მე-7 ტურში “ბოლუსფორმა” სტუმრად “დენიზლისფორს” 3:0 აჯობა. მცველი გიორგი რეხვიაშვილი, რომელმაც წინა ტურში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა “ბოლუსფორის” 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბოლუსფორი” 8 ქულით 18 გუნდში მეათეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-15 ტურში აკაკი გოგიამ დუბლი მიითვალა. “ჰალეშერმა” სახლში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ “ვეენს” 3:1 მოუგო და გერმანის მოქალაქე ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა, ხოლო 85-ეზე მატჩში წერტილი დასვა. “ჰალეშერი” 18 ქულით 20 გუნდში მეთოთხმეტეა.

“უნტერჰახინგმა” საკუთარ მოედანზე “შტუტგარტთან II” 0:1 წააგო. ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, მასპინძელთა სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰახინგი” 16 ქულით მეთექვსმეტეა.

0.13205