ჩემპიონატის სტარტზე განცდილი ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” მისსავით მოუგებელ “ბილბაო ბასკეტსს” დაუხვდა და 86:74 იმარჯვა. გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 28:11 მოიგეს.
ქართველი ფორვარდი ბასკურ დერბიში სასტარტო ხუთეულში იყო და 15:51 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში საუკეთესო ფერნანდო სან ემეტერიო იყო, რომლის მონაგარიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ, ამასთან, მასზე ერთბაშად 10-ჯერ (!) დაჯარიმდნენ.
1 მოგებით და 3 მარცხით, შენგელიას გუნდმა 18-გუნდიან ესპანეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ბაკები მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს ისევ შინ “მანრესასთან” ჩაატარებენ.
მანამდე, 31 ოქტომბერს, “ლაბორალ კუჩა” ევროლიგის ეგიდით სტამბულის “გალათასარაის” უმასპინძლებს.