ტაშკენტში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის ეტაპზე ჩინებულად თამაშობს საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2717). მე-5 ტურში ქართველმა დიდოსტატმა შავი ფიგურებით რუსი სერგეი კარიაკინი (2767) დაამარცხა და ერთბაშად მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
ჯობავას აქტივში 3.0 ქულაა და იგი ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს და რუს დმიტრი ანდრეიკინს (2722) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს, ლიდერი კი აშშ-ს სახელით მოთამაშე ჰიკარუ ნაკამურაა (2764) 3.5 ქულით.
მე-6 ტურში ბაადური თეთრებით კიდევ ერთ რუს დმიტრი იაკოვენკოს (2747) დაუპირისპირდება, ნაკამურა კი ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე იტალიელ ფაბიანო კარუანას (2844) ეთამაშება, რომელიც 2.0 ქულით მხოლოდ მე-10 პოზიციაზეა.
ცნობისთვის, უზბეკერი გრან-პრი 11 ტურად მიმდინარეობს და 2 ნოემბერს დასრულდება.