ფეხბურთი

22:58 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია ისიანი: “კვარაცხელიას გადაწყვეტილი ჰქონდა მატჩის ჩაშლა”

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურა”- გორის “დილას” მატჩი 50-ე წუთზე შეწყდა. გორელთა საჯარიმოში ლაშა ჩლაიძისა და დავით ხურცილავას დუელი ისე დასრულდა, რომ ორივე ფეხბურთელი წაიქცა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ “დილას” კარში პენალტი დანიშნა, რასაც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა და მატჩი ჩაიშალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” “დილას” მენეჯერ გია ისიანს ესაუბრა.

გია ისიანი: მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი კი კორექტულად მიმდინარეობდა, თუმცა თავიდანვე მოგვეჩვენა, რომ რამდენიმე გაფრთხილება, რომელიც ჩვენი ფეხბურთელის მიმართ იყო გამოყენებული, არასამართლიანი იყო (არ ვამბობ, რომ ზუსტად ასე იყო).

პენალტის მომენტში კვარაცხელია ახლოს იმყოფებოდა და კარგად ხედავდა. წესით, ჯარიმა ჩვენ უნდა დაგვერტყა. პენალტს ყოველთვის აპროტესტებენ, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.

  • როგორც ვიცით თქვენ გაიყვანეთ კვარაცხელია მოედნიდან?
  • დიახ, კვარაცხელიასთან მივედი და მოედნიდან გავიყვანე... ფეხბურთელები მომხდარს აპროტესტებდნენ, მივედი მათთან და ვუთხარი, რომ თამაში გაეგრძელებინათ. სამწუხაროდ, ვაიგულშემატკივრები მინდორზე შეიჭრნენ. გულშემატკივრებთან არც ერთი სამართალდამცავი იმყოფებოდა, ეს ვაიგულშემატკივრები რომ შეეკავებინა. მატჩის დაწყებამდე ჩვენ ვითხოვდით, რომ მაყურებლებისთვის დაეყენებინათ დაცვა, მაგრამ ერთი კაციც არ იდგა.
  • ინციდენტის შემდეგ მატჩის გაგრძელებას ითხოვდით?
  • მარტო ჩვენ არა, “შუქურაც” თანახმა იყო, მაგრამ მთავარი მსაჯი კვარაცხელია იყო მატჩის გაგრძელების წინააღმდეგი. პირად საუბარში მითხრა, რომ ის ვერ გააგრძელებდა თამაშს, რადგან იყო მცდელობა გულშემატკივრის მხრიდან მისთვის ხელის გარტყმის. ვუთხარი, რომ არ დამინახავს მას ფიზიკურად ვინმე შეხებოდა (“მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მსაჯს ხელით შეეხნენ – ავტ.) და რომ ორივე კლუბი, ასევე პოლიცია მზად იყო მატჩის გასაგრძელებლად.

სულ ორი პირი დარბოდა კარის უკან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავინ მიიღო ზომები, ეს ორი ადამიანი ისევ ტრიბუნებზე რომ აეყვანა.

  • თქვენ სრულ პასუხისმგებლობას მატჩის ჩაშლაზე კვარაცხელიას აკისრებთ?
  • გასახდელში რომ შევედი, კვარაცხელიას უკვე გამოცვლილი ჰქონდა, აღარ აპირებდა მატჩის გაგრძელებას. მას გადაწყვეტილი ჰქოდნა მატჩის ჩაშლა. კვარაცხელიას ქართული ფეხბურთის ბედი სულ არ ადარდებდა...

პოლიცია საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ მოხდებოდა; პენალტი დანიშნული ჰქოდნა და შეეძლო “შუქურას” დაერტყა... მაგრამ კვარაცხელიას მატჩის ჩაშლა სურდა.

0.121893