ზესტაფონში გასამართ შეხვედრას, რომელშიც ქვეყნის ორგზის ჩემპიონები მარტვილის “მერანს” მასპინძლობდნენ, თავისებური ინტრიგა ახლდა - შეძლებდა თუ არა იმერული კლუბი ზედიზედ ოთხჯერ ნათამაშები ფრის შემდეგ გამარჯვებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “დავით აბაშიძეზე” ზესტაფონელებს ამ ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ. შესაბამისად, “ფეროელები” მათთვის უჩვეულო, მეთორმეტე ადგილზე არიან.
რაც შეეხებათ მარტვილელებს, მათ 9 ტურის შემდეგ 11 ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში ზესტაფონელებზე ერთი ადგილით მაღლა იყვნენ.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. მოწინააღმდეგენი ქარიანი ამინდის მიუხედავად საკმაოდ სწრაფად მოქმედებდნენ, მაგრამ სადებიუტო წუთებში ერთმანეთის კართან გუნდებმა დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნეს, შემდეგ კი უპირატესობას “ფეროელები” დაეუფლნენ.
პირველი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით ჭანტურიშვილმა განახორციელა, რომელიც მარტვილელთა კიპერმა მამალაძემ მუშტებით კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულიდან ბურთი შარიქაძემ მოაწოდა, რომელსაც თავი რენე ფერეირამ დაჰკრა, მაგრამ ბრაზილიელი ლეგონერის მცდელობა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თითქმის მაშინვე მამალაძის საიმედოობა ილურიძემ შეამოწმა საჯარიმოს ხაზიდან მოჭრილი დარტყმით, მაგრამ მეკარე ბურთს სწორ ადგილზე დაუხვდა და იოლად დაეუფლა.
მასპინძელთა მიერ ზედიზედ განხორციელებული შეტევების შემდეგ, მარტვილელები უფრო ყურადღებით ათამაშდნენ მოედნის შუაგულში და მათ ნახევარზე იმერთა აქტიურობამაც იკლო. უფრო მეტიც - 30-ე და 32-ე წუთებზე სტუმრებმა სახიფათოდ შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს.
პირველი მომენტი “მერანის” ფეხბურთელებს კუთხურის ჩაწოდების შემდეგ შეექმნათ, როდესაც კიკნაველიძის ჩაწოდებულს თავურით ორბელაძე შეწვდა. ბურთი ზესტაფონელთა კარის მარცხენა კუთხეში უნდა შეგორებულიყო, მაგრამ ბოიან პავლოვიჩმა დიდებული ნახტომით შეძლო საკუთარი გუნდის გადარჩენა.
მეორე შემთხვევის გმირი ისევ ბალკანელი მეკარე გამოდგა, რომელმაც ჩიმაკაძის უძლიერესი დარტყმა კუთხურზე გადააგდო. ამ შემთხვევაში მარტვილელთა შემტევ ნახევარმცველს გადაცემა მკერდით ციცხვაიამ გაუკეთა, ხოლო თავად ჩიმაკაძემ ცაციათი ეფექტურად და ზუსტად დაარტყა, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, პავლოვიჩი შეუცდომელი იყო.
ტაიმის დასკვნითი ნაწილი ისევ მასპინძლებმა ჩაატარეს აქტიურად. აღსანიშნავია ჭანკოტაძის თავური დარტყმა ხელსაყრელი პოზიციიდან, რომელიც მამალაძის იოლი ნადავლი გახდა. შემდეგ კი “ფეროელებს” მცირედი დააკლდათ გატანამდე, როდესაც ილურიძემ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა და გადაცემა სარდალიშვილის მისამართით გააკეთა, მაგრამ იმერთა შემტევი ნახევარმცველი ბურთს ვერ შეეხო და სახიფათო მომენტიც განიმუხტა.
თამაშის განახლებისთანავე მასპინძლებს მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი დარტყმის საშუალება მიეცათ, როდესაც “მერანის” მეკარემ და მცველებმა შეცდომა დაუშვეს. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ დვალმა მოჭრილი დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა.
ზედიზედ ორჯერ ჰქონდათ დარტყმის მცდელობა ხელსაყრელი პოზიციებიდან სტუმრებს, მაგრამ ფეროელთა მცველებმა ითამაშეს თავგანწირვით და ბურთს მათი კარისკენ წასვლის საშუალება არ მისცეს.
ცოტა ხანში ზესტაფონელების მიერ ჩაწოდებული საჯარიმო მამალაძემ ხეირიანად ვერ მოიგერია და თედორე გრიგალაშვილს მიეცა კარგი შანსი, მაგრამ მისი თავური მეტოქის კარის ხარიხას ზემოდან გადაევლო.
57-ე წუთზე სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. შესვენების შემდეგ გამოსულმა წურწუმიამ მოედანზე შემოსვლიდან 12 წუთის განმავლობაში, უხეშობის გამო, ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და არბიტრმაც მოედანი დაატოვებინა.
რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა დიდი მონდომებით შეუტიეს მეტოქის კარს. მე-60 წუთზე სარდალიშვილის ფლანგური ჩაწოდება თავურით, კარში დარტყმით დვალმა დაასრულა, მაგრამ მამალაძეს ისევ სწორი პოზიცია ეკავა და ბურთსაც დაეუფლა.
“ზესტაფონის” დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ შეტევის გასაძლიერებლად მოედანზე კაპანაძე და ფანცულაია შეუშვა, რის შემდეგაც თამაშის ბოლომდე მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს. შემდეგი დარტყმები მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა განახორციელეს. ჯერ კაპანაძის თავური დარტყმა აცდა მეტოქის კარს, ხოლო შემდეგ ფანცულაიას დარტყმული მამალაძემ მუშტებით მოიგერია.
71-ე წუთზე მარტვილელთა კარის დარაჯი ისევ დამაჯერებელი გახლდათ, როდესაც შარიქაძის უძლიერესი დარტყმა კუთხურზე მშვიდად გადააგდო. ცოტა ხანში ზესტაფონელთა ნახევარმცველი ისევ შორიდან დაემუქრა “მერანის” დასაცავ ობიექტს, მაგრამ ამჯერად მას მიზანმა მცირედით უმტყუნა.
რამდენიმე წუთში კაპანაძემ ვარდნაში დაარტყა მარტვილელთა კარისკენ, თუმცა ბურთს ორბელაძე შეეხო და კუთხურზე გადავარდა. ეს გათამაშება შარიქაძის გამოზომილი დარტყმით დასრულდა, თუმცა მამალაძემ ისევ საიმედოდ ითამაშა და ბურთს ნახტომში დაეუფლა.
81-ე წუთზე მასპინძლები ისევ ახლოს იყვნენ გატანასთან, მაგრამ რენე ფერეირას დარტყმული ამჯერად ხარიხამ უკუაგდო, რომლის შემდეგაც ბურთი ერთ-ერთ მარტვილელს შეეხო და კუთხურზე გადავარდა. სტანდარტული მდგომარეობა კაპანაძის თავურით დასრულდა, ბურთს მამალაძე ნახტომში დაეუფლა.
ზესტაფონელების იერიშებს და მათ უიღბლობას ბოლო არ უჩანდა. 88-ე წუთზე ჯაბა დვალმა ითამაშა ჩინებულად, მოწინააღდეგის საჯარიმოში ორი მეურვის ჩამოშორების შემდეგ შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა. ბურთი მამალაძემ უკუაგდო, დამატებაზე კი კაპანაძემ სცადა გატანა, მაგრამ მას მცველები და მეკარე ერთდროულად გადაეღობნენ. მესამედ დამატება გრიგალაშვილმა სცადა ახლო მანძილიდან, მაგრამ მისი დარტყმა აცდა მიზანს.
არბიტრმა ტაიმში მთელი რიგი შეჩერებების გამო 6 წუთი დაამატა, რომლის დროსაც ყველაზე დასამახსოვრებელი კაპანაძის შორეული დარტყმა იყო, ბურთს მამალაძე ისევ მშვიდად დაეუფლა.
საბოლოოდ, უდიდესი უპირატესობის მიუხედავად “ზესტაფონმა” გატანა ვერ შეძლო და შესაბამისად, ისევ ვერ მოიგო.
“ზესტაფონი” – “მერანი” 0:0 (0:0)
26 ოქტომბერი. 17:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 1000 მაყურებელი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, გაგოშიძე (ენდელაძე, 84), რენე ფერეირა, შარიქაძე, თედორე გრიგალაშვილი, ჭანკოტაძე (კაპანაძე, 63), სარდალიშვილი, ჭანტურიშვილი, ხიდეშელი, ილურიძე, დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“მერანი”: მამალაძე, შულაია, ორბელაძე, კიკნაველიძე, ლომაშვილი, ფონიავა, მელიავა, გეგია (წურწუმია, 46), ჯღამაია (წულაია, 84), ჩიმაკაძე, ციცხვაია (მარგველაშვილი, 90+1).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: გაგოშიძე (14), წურწუმია (52), ილურიძე (52), წურწუმია (57), ჯღამაია (59), კაპანაძე (66).
გაძევება: წურწუმია (57).
არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
24 ოქტომბერი
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)
გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)
25 ოქტომბერი
სამტრედია – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლევან წურწუმია (56)
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 კობა შალამბერიძე (33, პენალტით)
შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი) 0:0 მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე
მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (16)
გაძევება: ლუკა გუგუჩია (52)
26 ოქტომბერი
ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 თენგიზ ჩიკვილაძე (36), 1:1 თორნიკე მუმლაძე (71), 1:2 ბექა ტუღუში (77), 2:2 შოთაAკაშია (87)
1. | დინამო (თბ) | 10 | 7 | 2 | 1 | 21:7 | 23 | ||
2. | სამტრედია | 10 | 5 | 2 | 3 | 11:8 | 17 | ||
3. | სპარტაკი | 10 | 5 | 2 | 3 | 10:14 | 17 | ||
4. | მეტალურგი | 10 | 4 | 4 | 2 | 12:9 | 16 | ||
5. | დილა | 9 | 4 | 3 | 2 | 14:6 | 15 | ||
6. | ტორპედო | 10 | 3 | 6 | 1 | 12:9 | 15 | ||
7. | ჩიხურა | 10 | 4 | 2 | 4 | 12:12 | 14 | ||
8. | გურია | 10 | 3 | 5 | 2 | 10:15 | 14 | ||
9. | დინამო (ბთ) | 10 | 4 | 1 | 5 | 10:11 | 13 | ||
10. | მერანი | 10 | 3 | 3 | 4 | 8:8 | 12 | ||
11. | ზესტაფონი | 10 | 2 | 5 | 3 | 18:13 | 11 | ||
12. | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 2 | 5 | 9:9 | 11 | ||
13. | კოლხეთი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:14 | 9 | ||
14. | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:15 | 9 | ||
15. | შუქურა | 9 | 1 | 5 | 3 | 7:14 | 8 | ||
16. | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:13 | 7 |
მეგოლეები:
6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.