პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ამერიკელი სერენა უილიამსი სინგაპურში გამართული წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამერიკელმა ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა - 6:3, 6:0.
პირველ სეტში სერენა 4:2 დაწინაურდა, მაგრამ სიმონამ შეძლო უკუბრეიკის გაკეთება და სეტში ანგარიში შეამცირა. ეს იყო და ეს, რაც ჰალეპმა მოახერხა. უილიამსმა ზედიზედ 8 გეიმი მოიგო და წლის შემაჯამებელ ტურნირში მეხუთედ გაიმარჯვა (2001, 2009, 2012, 2013 და 2014)
სერენამ 3 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო სიმონამ 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მატჩი საათსა და 11 წუთს მიმდინარეობდა.
სერენა უილიამსი: “ამაღელვებელი მომენტია. კარგად ვითამაშე, კარგად გამომდიოდა დარტყმები. სიმონას შესანიშნავი კვირა ჰქონდა, ის ძალიან კარგად თამაშობდა... მადლობა ჩემს გუნდსა და ოჯახს. ძალიან ბედნიერი ვარ”.
სიმონა ჰალეპი: “ვულოცავ სერენას გამარჯვებას. სერენა შენ საუკეთესო ხარ! მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ჩემს გუნდსა და ოჯახს. მადლობთ ყველას მხარდაჭერისთვის”.
სერენა უილიამსმა კარიერაში 64-ე ტიტული მოიგო.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 6 500 000 ამერიკული დოლარია. სერენამ 1 621 000 დოლარი გამოიმუშავა, სიმონამ კი - 545 000 დოლარი.
სერენამ ამ მოგებით სრულფასოვანი რევანში აიღო - სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ჰალეპმა უილიამსი 6:2, 6:0 გაანადგურა.
ფინალის მომენტები