ფეხბურთი

21:08 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ არველაძე: "ქართული კლუბები დაპირებულ თანხას მიიღებენ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან შეთანხმებას მიაღწია და ქართული კლუბები დაპირებულ თანხას მიიღებენ. გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ "მსოფლიო სპორტთან" საუბრისას განაცხადა, რომ უმაღლესი ლიგის გუნდები დაპირებულ თანხას 200 000 ლარს მიიღებენ.

რევაზ არველაძე: მე და ზვიად სიჭინავა დოკუმენტაციის გასაფორმებლად ვიყავით წასულები. უმაღლესი ლიგის გუნდები დაპირებულ თანხას, 200 000 ლარს მიიღებენ მომავალი წლის იანვრამდე. უეფასგან ეროვნული ფედერაცია ისედაც იღებდა გარკვეულ თანხას და აღნიშნული სესხი შემდეგში მიღებული თანხისგან ნელ-ნელა დაიფარება. ჩვენ რასაც დავპირდით კლუბებს, ის შევასრულეთ. მათ თანხა იანვრამდე სურდათ. მათ აქვთ დაფინანსება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგანაც. კერძო კლუბები კი საკუთარ თავს თვითონ ინახავენ. ყველაფრის მიუხედავად, დაპირება შესრულდა, ვიმედოვნებდით, რომ სახელმწიფო დაგვეხმარებოდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, როგორც გვეხმარება სახელმწიფო, ამითაც მადლობლები ვართ”.

რევაზ არველაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები ფედერაციისგან დახმარებას იღებენ, ამასთანავე ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობდა.

არველაძის განცხადებით, ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბებს ჩემპიონატში მისაღებად საწევროს გადასახადი 60 ათასიდან 20 ათასამდე შეუმცირა, ხოლო პირველი ლიგის გუნდები 20 ათასის ნაცვლად 10 ათასს იხდიან. ამავდროულად, უმაღლესი ლიგის კლუბები საწვავით უზრუნველყოფილები არიან და მათი ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯებს ფედერაცია მართავს.

0.115631