ფეხბურთი

13:18 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთს სერბეთთან წაგება ჩაეთვალა

უეფამ ევრო-2016-ის შესარჩევ ტურნირში ალბანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩში წაგება (0:3) ჩაუთვალა. ამის შესახებ სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

I ჯგუფის შეხვედრა 14 ოქტომბერს ბელგრადში “პარტიზანის” სტადიონზე შედგა. თუმცა, დროზე ადრე შეწყდა, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს მოედნის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა და მასზე ალბანელი ნაციონალისტების დროშა იყო მიმაგრებული, ე.წ. “დიდი ალბანეთის” რუქით.

სერბმა მცველმა სტეფან მიტროვიჩმა უპილოტო აპარატს დროშა მოხსნა, რის შემდეგ, გუნდების ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა ატყდა, რომელიც მოედანზე სერბი გულშემატკივრების გადასვლით და ალბანელ ფეხბურთელებზე იერიშით დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მარტინ ატკინსონმა თამაში ჯერ შეაჩერა, ხოლო მოგვიანებით შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იმ მომენტისთვის შეხვედრაში ანგარიში გახსნილი არ იყო.

უეფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირისა და ალბანეთის საფეხბურთო ასოციაციის მისამართით სადისციპლინო საქმე აღძრა. მართალია, სერბებს მოგება ჩაეთვალათ, მაგრამ ქულებს ვერ მიიღებენ, რადგან უეფამ ამ ქვეყნის საფეხბურთო კავშირი სამი ქულის მოხსნით დასაჯა. ამავე დროს, ორივე ფედერაცია ჯარიმის სახით 100 000-100 000 ევროს გადაიხდის.

გარდა ამისა, სერბეთის ეროვნული ნაკრები ორ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს.

0.199388