საქართველოს XXIV ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ 2 გუნდი იყო დაუმარცხებელი და ამდენივეს მოგების სიხარული არ ჰქონდა განცდილი, დღევანდელი 4 შეხვედრის მერე კი წაუგებელი მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი “დინამოა”, “სოხუმს” კი მოგებათა გრაფაში კვლავინდებურად ნული უწერია.
მეოთხე ტურის ოთხივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა და ყველა შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები წარსდგნენ. პირველები პარკეტზე საქართველოს ექსჩემპიონი “შსს აკადემია” და შარშანდელი პლეი ოფის ნახევარფინალისტი “ბათუმი” გავიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა. ყოველ შემთხვევაში, ზღვისპირელთაგან მეტს მოველოდით. კოტე ტუღუშის გუნდმა თავიდანვე ხელთ იგდო ასპარეზობის სადავეები და პირველი პერიოდის დასრულებამდე 2 წუთითა და 30 წამით ადრე 22:7-ს იგებდა. საწყისი მეოთხედის 26:12 მოგების შემდეგ აკადემიელებს მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე “დისტანციაზე ჰყავდათ”, ბათუმელებმა ერთადერთხელ შეძლეს 10 ქულაზე ნაკლები უარყოფითი სხვაობის მიღწევა (-9), მაგრამ ეს მატჩის მიწურულს მოხდა, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეული იყო. საბოლოოდ “შსს აკადემიამ” 85:70 მოიგო და მიმდინარე პირველობის რეგულარული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 2 ქულა მესამედ ჩაიწერა.
მოგებულთაგან განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი გიორგი შარაბიძე და ბექა წივწივაძე არიან. პირველი მათგანი ორივე სამწამიან ზონაში მშვენივრად გაისარჯა, რასაც მშრალი სტატისტიკაც მოწმობს – 27 ქულა და 14 მოხსნა. წინა შეხვედრის დარად კვლავაც მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე წივწივაძეს. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ამჯერად 19 ქულას, 10 შედეგიან გადაცემასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი.
„შსს-აკადემია“ დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდა. ლევან ფაცაცია საკალათბურთო კარიერას „ნიჟნი ნოვგოროდში“ გააგრძელებს. ამ დანაკლისის საკომპენსაციოდ აკადემიელებმა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე დაიმატეს. საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთხელ სადებიუტო მატჩის ჩატარების კვალობაზე ცინცაძე ურიგოდ არ გამოიყურებოდა, რასაც მისი 14 ქულა და 5 პასი მოწმობს, თუმცა, გიორგიმ ბურთი 7-ჯერ დაკარგა.
“ბათუმს” რაც შეეხება, ცალკეულმა კალათბურთელებმა და მთლიანად გუნდმა სუსტად ითამაშა, რითაც უკმაყოფილო პირველ რიგში ზღვისპირელთა დამრიგებელი მიხეილ კობეშავიძე დარჩა.
დღის მეორე, ცენტრალურ მატჩში სათამაშოდ 3 საასპარეზო ტურის შემდეგ დაუმარცხებელი გუნდები, “დინამო” და “რუსთავი” გავიდნენ. პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი ხოშტარიას გუნდი 46:23 დაწინაურდა და ძნელი წარმოსადგენი იყო, მეოთხე პერიოდის მიწურულს მატჩს ინტრიგა რომ შერჩებოდა, თუმცა, მაინც ასე მოხდა. მესამე მეოთხედის დასაწყისში ილია ლონდარიძემ მეოთხე პერსონალური ჯარიმა მიიღო და დინამოელთა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა (იმ მომენტისთვის ჩემპიონი 50:29 იგებდა). ტრავმის გამო არ თამაშობდა რიჩარდ მათიაშვილი, ამიტომაც მეფარის პოზიციაზე “დინამოს” გარკვეული სირთულეები შეექმნა. თუმცა, რუსთაველებმა მეთოდურად რომ იწყეს ანგარიშის სხვაობის შემცირება, ეს უპირველესად მიხეილ ბერუაშვილის შეგირდების მიერ ზუსტად შესრულებულმა სამქულიანებმა განაპირობა. მესამე პერიოდში ქვემოქართლელებმა 6-ჯერ მოათავსეს ბურთი თბილისელთა კალათაში პერიმეტრიდან და ერთ მომენტში სხვაობა 7 ქულამდეც დაიყვანეს. მეოთხე ათწუთიანი მონაკვეთი საინტერესოდ წარიმართა. კვანძის გახსნა კი ბოლო წუთებზე მოხდა. საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე გოგა ცეკვავამ ანგარიში 67:72 გახადა. ეს სხვაობა პირველი პერიოდის დასაწყისის შემდეგ არ იყო დაფიქსირებული ტაბლოზე. ამაზე მეტი რუსთაველებმა მხოლოდ ფინიშამდე 13 წამით ადრე მოახერხეს (74:78), თუმცა, “დინამომ” მატჩის ბოლო შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა, 80:74 მოიგო და რეგულარული პირველობის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი ბესიკ ლეჟავა გახლდათ 30 ქულით, ამასთან მიმდინარე ჩემპიონატში ის 4 ტურის შემდეგ საშუალო შედეგიანობითაც ყველას სჯობს (24.5). კარგად ითამაშა ლაშა გამყრელიძემაც, რომელმაც პარკეტზე მატჩისთვის განკუთვნილი დრო სრულად გაატარა, 10 შედეგიან პასს 7 მოხსნა და 6 ქულა მიამატა. ლაშა შედეგიანი გადაცემების საშუალო მაჩვენებელით ლიდერობს (7.8).
“სოხუმისა” და “ქუთაისის” მატჩმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ვაჟა კვარაცხელიასა და მალხაზ კოხრეიძის გუნდებს სამუშაო ბევრი რომ აქვთ. სოხუმელები გვიან შეუდგნენ წინასასეზონო მზადებას, რიონისპირელები კი კვლავინდებურად ვერ ახერხებენ საკუთარ სპორტის სასახლეში ვარჯიშს. ქუთაისელთა რიგებში თბილისში პირველად ვიხილეთ აფრიკელი ლეგიონერი აბდულაი ნდოე. მატჩის მსვლელობისას მან 6 დაფარების განხორციელება შეძლო, 11 მოხსნასთან ერთად კი 6 ქულა გააკეთა. მას მომატების პოტენციალი აშკარად ეტყობა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ “სოხუმზეც”, რომელიც თავის უხერხულ მეტოქესთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და წარმატების მოპოვების იმედი სამომავლოდ დაიტოვა.
“მგზავრები-არმია”-“ოლიმპის” მატჩის წინ ორივე გუნდის მოთამაშეებმა და შეკრებილმა მაყურებელმა გამოჯანმრთელება უსურვა ოლიმპელთა სათადარიგოთა სკამზე მყოფ მოზარდ ლუკა ჩხარტიშვილს. ის მალე რთული ოპერაციის ჩასატარებლად უცხოეთში მიემგზავრება. ლუკას თავისი ერთ-ერთი ჯილდო საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინმა გამოუგზავნა. “მსოფლიო სპორტი” უერთდება სპორტის სასახლეში გამოთქმულ გამამხნევებელ სიტყვებს და ლუკას სამშობლოში ჯანმრთელად დაბრუნებას უსურვებს.
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, წლევანდელ სეზონში ბუბა ბერიშვილის “მგზავრები-არმიამ” ჯერჯერობით თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და პირველი მოგება იზეიმა.
1 | დინამო | 4 | 4 / 0 | 337 / 277 | 8 |
2 | რუსთავი | 4 | 3 / 1 | 338 / 291 | 7 |
3 | შსს აკადემია | 4 | 3 / 1 | 328 / 310 | 7 |
4 | ქუთაისი | 4 | 3 / 1 | 297 / 280 | 7 |
5 | მგზავრები-არმია | 4 | 1 / 3 | 261 / 305 | 5 |
6 | ბათუმი | 4 | 1 / 3 | 259 / 273 | 5 |
7 | ოლიმპი | 4 | 1 / 3 | 313 / 331 | 5 |
8 | სოხუმი | 4 | 0 / 4 | 284 / 350 | 4 |
მეხუთე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან
21 ნოემბერი
“ქუთაისი” – “დინამო”
“რუსთავი” – “ბათუმი”
22 ნოემბერი
“მგზავრები-არმია” – “სოხუმი”
“შსს აკადემია” – “ოლიმპი”