ჭიდაობა

21:37 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობა უცვლელი პრობლემებით

ჭიდაობის ფედერაციაში ქართველი მოჭიდავეებისა და სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის შეხვედრა შედგა, თუმცა როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, პრობლემა გადაუჭრელი რჩება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელები.

მოჭიდავეები კვლავ არ აპირებენ ვარჯიშის განახლებას, ხოლო პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე - გადადგომას. რაც შეეხება მწვრთნელებს, ნუგზარ სხირელი და მიხეილ სალაძე ამ ეტაპზე ინარჩუნებენ პოსტს, თუმცა მათი დარჩენა-არდარჩენის საკითხს პრეზიდიუმი გადაწყვეტს.

“იურიდიულად პრეზიდენტის გადადგომა გამორიცხულია. მოჭიდავეთა პოზიცია კი უცვლელი რჩება. ჩვენ მხოლოდ იურიდიული ჩარჩოების მიხედვით ვმოქმედებთ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ნაკრების მწვრთნელები შეინარჩუნებენ თუ არა პოსტს” - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

“არ მომწონს წესი, როცა მოჭიდავეები ჩამოდიან ფალავანთა კლუბში და მხოლოდ აქ ვარჯიშობენ. ისინი უნდა ვარჯიშობდნენ იქ, სადაც გაიზარდნენ, აღმზრდელ მწვრთნელებთან და ფორმიდან არ ამოვარდებიან. მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როცა არ ვარჯიშობენ. ეს მათ ფორმაზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს”, - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა.

“მსურს თუ არა ნაკრებში დარჩენა? ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, პრეზიდიუმმა უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა მიხეილ სალაძემ.

0.111332