მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები, გამორჩეული კვალი ვაჟა თარხნიშვილმა დატოვა, მან 13 წელი “შერიფში” ითამაშა, გუნდის კაპიტანი იყო, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაუძღვა გუნდს, ხოლო მოლდოველებმა მის სახელზე მონეტა გამოჭედეს, ფულის ერთეულის ავერსზე თარხნიშვილის გამოსახულებაა ამოტვიფრული.
2012 წელს თარხნიშვილმა კარიერა “შერიფში” დაასრულა. ამ დრომდე და მას შემდეგ სხვა ქართველებმაც ითამაშეს მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში, თუმცა მსგავსი წარმატებისთვის არავის მიუღწევია.
ზაფხულში მოლდოვურ “საქსანში” 20 წლის ირაკლი გოგინაშვილი ჩაირიცხა. ნახევარმცველი გასულ სეზონში რუსთავის “მეტალურგში” თამაშობდა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გუნდში მიიწვია.
1988 წელს გელა კეტაშვილი საბჭოთა ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველთან ერთად გამარჯვებულთა შორის ვლადიმერ ლიუტი, “საქსანის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი თამაშობდა. იმპერიის დაშლის შემდეგ ლიუტიმ ევროპულ კლუბებში ითამაშა, გამორჩეული ეტაპი იყო “შალკესა” და “დუისბურგის” მაისურით. ცხადაძესთან და ცვეიბასთან ერთად 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
2007 წელს მოსკოვის “ლოკომოტივში” მთავარი მწვრთნელის ასისტენად იმუშავა, როცა იქ ასათიანი თამაშობდა.
ამჯერად მოლდვურ კლუბში გადაიკვეთა ქართველისა და ლიუტის გზები. სეზონის წინ “საქსანში” ქართველი ფეხბურთელი ირაკლი გოგინაშვილი ჩაირიცხა. რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ფეხბურთელი მუდმივად მოედანზეა.
მეთერთმეტე ტურში “კოსტულენთან” საშინაო შეხვედრაში ცვლილებაზე გამოსულმა გოგინაშვილმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, რომელიც ტურის გოლებში მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ნიგერიელ სანი კეიტასთან ერთად გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.
“მსოფლიო სპორტი” ირაკლი გოგინაშვილს მოლდოვაში დაუკავშირდა.
“გუნდს კარგად შევეწყვე, მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ დიდხანს არ ვაპირებ გუნდში დარჩენას. ვფიქრობ უფრო ძლიერ კლუბში განვითარების მეტი შანსი მექნება” – გვითხრა ირაკლიმ.
- გუნდში შენი ჩარიცხვა როგორ მოხდა?
- აქ ჩამოსვლამდე იცოდნენ ჩემს შესახებ, რამდენიმე მატჩის ვიდეო ჰქონდათ ნანახი, თუმცა ერთ შეხვედრაში მაინც გამომცადეს. კარგად ვითამაშე და შეთანხმებაც შედგა.
- მწვრთნელზე რას იტყვი?
- მისგან ბევრი რამე ვისწავლე, გამოცდილი მწვრთნელია. მიმითითებს ხოლმე, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ ჯობდა თამაში.
- შეადარე საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატები.
- სათამაშო მხრივ თითქმის თანაბარი დონეა. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ჩემს გუნდში ხელფასს ერთი დღითაც არ აგვიანებენ, თუმცა არ ვიცი რა სიტუაციაა სხვა მოლდოვურ კლუბებში. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. ბევრი მეგობარი თამაშობს უმაღლეს ლიგაში, ერთი-ორი გუნდის გარდა, თითქმის ყველგან ფინანსური პრობლემებია.
- საქართველოში გუნდების უმრავლესობას საფეხბურთო ბაზა არ აქვს. ამ მხრივ რა სიტუაციაა “საქსანში?
ჩემი გუნდის სტადიონი ქალაქ ჩადირ ლუნგაში მდებარეობს, თუმცა სავარჯიშო პროცესს კიშინიოვში გავდივართ. ჩადირ ლუნგაში მხოლოდ თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავდივართ, ვისვენებთ, ვთამაშობთ და შემდეგ ისევ კიშინიოვში ვბრუნდებით, სადაც ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს შემდეგი მატჩისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო პროცესი.
ლიუტი გამოცდილია, მაგრამ სხვა მწვრთნელებზე რას იტყვი, რომელთანაც საქართველოში გიმუშავია.
ყველაზე დიდი დრო გუბაზ დოლიძესთან მაქვს გატარებული. 7 წელი ჩემი მწვრთნელი იყო, მან შეიტანა ჩემს ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი. უფრო ადრე ჯონი ჯანელიძესა და კოტე მელქაძესთან ვვარჯიშობდი, ბოლო სეზონი ვარლამ კილასონიასთან გავატარე. მან ბევრი რამ მასწავლა.
“საქსანში” თამაშობს ნიგერიელი სანი კეიტა. მას “მონაკოში” უთამაშია, უფრო ადრე კი 2005 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშა, სადაც ნიგერია მესის გოლებით დამარცხდა. მასზე რას იტყვი?
კეიტას ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები. საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატებში გამოდიოდა. იგი ძალიან გამოცდილია და მეტწილად სწორედ გამოცდილების ხარჯზე თამაშობს.