უნგრეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი შარაბიძის “კიორმენდმა”. ეს გუნდი “ალბა ფეჰერვარს” ესტუმრა და 82:99 დამარცხდა. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 30:16 მოიგეს.
ქართველი ცენტრი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა და 5 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა. შარაბიძემ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კიორმენდის” რიგებში საუკეთესონი ამერიკელი ლეგიონერები – ვოლტერ ლემონი და დერინ გოვენსი იყვნენ, შესაბამისად, 20 და 19 ქულით.
ქართველი კალათბურთელის გუნდს უნგრეთის ჩემპიონატის სტარტზე სამივე თამაში წაგებული აქვს და 14-გუნდიან ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. 25 ოქტომბერს კიორმენდელები “იაშბერენის” ესტუმრებიან.