პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის (პირველი ლიგა) მე-11 ტურში, “ფეირენსემ”, რომელშიც გიორგი მაკარიძე ირიცხება, სტუმრად “ბრაგა II”-ს 3:1 აჯობა.
ქართველი მეკარე წინა ტურის მსგავსად, როდესაც “ფეირენსემ” გასვლაზე “ტროფენსეს” აჯობა (3:0) კვლავ სათადარიგო იყო. არადა, სეზონის სტარტზე მაკარიძე სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობდა. “ფეირენსეს” 10 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში 22-ე ადგილზე იმყოფება.
უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, “დიორი”, სადაც ფორვარდი გიორგი ქვილითაია გამოდის, სტუმრად “კეჩკემეტს” ეთამაშებოდა. მატჩი 70-ე წუთზე მოედნის საფარის ცუდი მდგომარეობის გამო შეწყდა. ქვილითაია თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო. ხსენებული შეხვედრა მოგვიანებით გადათამაშდება.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, “ბიდვესთ ვითსი” სახლში “პოლოკვეინთან” 0:2 დამარცხდა. ნახევარმცველ გიორგი ნერგაძეს “ვითსში” კვლავ არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.