საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. მაიამიში მიმდინარე შეჯიბრებაზე დღეს ტატამზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თორნიკე ნაგლიაშვილი და ივანე ჯავახიშვილი გავიდნენ და ორივე საწყის ეტაპზე დამარცხდა.
ნაგლიაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და პერუელ მიჩელ პატინოს იუკოთი სძლია. მერვედფინალში კი ამერიკელ ადონის დიაზთან იუკოთივე წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ჯავახიშვილმა კიმონო ერთადერთხელ მოირგო – მეორე წრეში აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვთან ვაზარით დამარცხდა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ვაჟებში ჩემპიონ-პრიზიორები 55 და 60 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო გოგონებში – 44 და 48 კილოგრამებში.
ხვალ კი ტატამზე 66 და 73 კილოგრამებში მოჭიდავე ვაჟები და 52 და 57 კილოგრამებში მოჭიდავე გოგონები გავლენ. საქართველოს დროშის ქვეშ გელა კელიხაშვილი, ბექა ვიბლიანი (ორივე 66 კგ), კობა მჭედლიშვილი (73 კგ) და მზია ბებოშვილი (52 კგ) იჭიდავებენ.