დღეს მაიამიში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და კვირის ბოლომდე გასტანს. სეზონის უმთავრესი შეჯიბრებაში 72 ქვეყნის 521 ძიუდოისტი ჩაერთვება. საქართველოს დროშის ქვეშ კი 12 ახალგაზრდა იჭიდავებს. ვაჟთა ნაკრები ტატამზე სრული შემადგენლობით – 10 სპორტსმენით გავა. გოგონებს კი 2 წარმომადგენელი ეყოლებათ.
ხუთდღიანი ტურნირის პირველ დღეს ვაჟებსა და გოგონებში მედლების ორ-ორი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით საქმეში თორნიკე ნაგლიაშვილი და ივანე ჯავახიშვილი (ორივე 60 კგ) ჩაერთვებიან.
ნაგლიაშვილი, რომელიც ერთი თვის წინ, ევროპირველობაზე 55 კილოგრამში ვერცხლის მედალს დაეუფლა, ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა ცდის ბედს. წილისყრამ იგი პირველ წრეში დაასვენა. მეორეში კი მეტოქედ პერუელი მიჩელ პატინო ვილაგრა არგუნა. სატურნირო ბადეში მის მხარეს მოხვდა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი. ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და თორნიკე ნაგლიაშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
ევროპირველობაზე ასევე ვერცხლის მედლის მომპოვებელი ივანე ჯავახიშვილი ბადის მეორე მხარესაა. შეჯიბრებაში ისიც მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე კი მისი სავარაუდო მეტოქეები უნგრელი აკოშ ბარტა და აზერბაიჯანელი მეჰმან სადიგოვი დაეჭიდებიან ერთმანეთს.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები ამ წუთებში იწყება. ხოლო ფინალური ბლოკი – ღამის პირველი საათიდან.
აქვე საქართველოს ნაკრების სრული განაცხადი და ჩემპიონატის განრიგიც:
ვაჟები
60კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი და ივანე ჯავახიშვილი
66კგ - გელა კელიხაშვილი და ბექა ვიბლიანი
73კგ - კობა მჭედლიშვილი
81კგ - უშანგი მარგიანი და ლევან გუგავა
90კგ - ბექა ღვინიაშვილი
100კგ - გურამ თუშიშვილი
+100კგ - გუგა კიბორძალიძე
გოგონები
52კგ - მზია ბებოშვილი
+78კგ - ელენე ქებაძე
მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამა
22 ოქტომბერი
გოგონები: 44კგ, 48კგ
ვაჟები: 55კგ, 60კგ
23 ოქტომბერი
გოგონები: 52კგ, 57კგ
ვაჟები: 66კგ, 73კგ
24 ოქტომბერი
გოგონები: 63კგ, 70კგ
ვაჟები: 81კგ, 90კგ
25 ოქტომბერი
გოგონები: 78კგ, +78კგ
ვაჟები: 100კგ, +100კგ
26 ოქტომბერი
გუნდური შეჯიბრი