სარაევოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს მედლები ვაჟების 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება და სამივე წონის ფინალში, საქართველოს ნაკრების წევრი იჭიდავებს.
90 კილოგრამში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებს; 100-ში – გურამ თუშიშვილი, ხოლო +100-ში – ლევან მატიაშვილი.
დღესვე, ბოსნია ჰერცეგოვინაში ტატამზე კიდევ სამი ქართველი გავიდა და მათგან ორი, რეპეშაჟის ფინალშია. თორნიკე ოთინაშვილს (100 კგ) და გიორგი ზაქარიაძეს (+100 კგ), ბრინჯაოს მედალს თითო მოგება აშორებთ. შეჯიბრებას ნაადრევად მხოლოდ ლაშა ტაველური გამოეთიშა მერვედფინალში წაგებით.
ფინალური ბლოკის შეხვედრები, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. ღვინიაშვილი ჰოლანდიელ მიხელ კორელს დაეჭიდება, თუშიშვილი – ფრანგ ნაბილ მაჩტრუს, მატიაშვილი – რუს ანტონ კრივობოკოვს, ოთინაშვილი გერმანელ ლეონ შტრობერს, ხოლო ზაქარიაძე – ფრანგ ნაბილ ზალაგს.