ჭიდაობა

22:47 | 26.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქრო და 26 ვერცხლ-ბრინჯაო

ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები, 20-23 აპრილს ჩატარებული აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასიდან მედლებით დახუნძლულნი ბრუნდებიან. ბაქოს ხალიჩაზე ორივე სტილის ორივე ასაკობრივი ჯგუფის 50-ზე მეტი ქართველი მოჭიდავე გავიდა და 29 მათგანმა მედალი მოიპოვა.
ყველაზე წარმატებულად ჭაბუკმა ბერძენ-რომაელებმა იჭიდავეს. ვაჟა კრავეიშვილის შეგირდთაგან ლაშა გობაძე (76 კგ) და ზურაბ გედეხაური (100 კგ) ჩემპიონები გახდნენ. გიორგი მდინარაძე (85 კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო გიორგი ტოტიკაშვილი (54 კგ) და ბექა კანდელაკი (100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
ახალგაზრდა კლასიკოსები უხვმედლიანობით გამოირჩნენ. ვლადიმერ ადეიშვილის გუნდმა 11 მედალი მოიპოვა. დავით ჩაკვეტაძე (84 კგ) ოქროს დაეუფლა. გიორგი დავითაიას (66 კგ), თორნიკე ძამაშვილს (84 კგ), სანდრო დიხამინჯიასა (96 კგ) და სერგო გოსისვანიძეს (120 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ და ოთხივე ვერცხლს დასჯერდა. მესამე ადგილი კი თორნიკე ტოტიკაშვილმა (55 კგ), ქემალ ხარაბაძემ (60 კგ), საჩინო დავითაიამ (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ), იაკობ ქაჯაიამ და ირაკლი ქაჯაიამ (ორივე 96 კგ) დაიკავეს.
თავისუფალი სტილის მიმდევართაგან ჩემპიონობა ვერავინ შეძლო. ნუგზარ სხირელის გაწვრთნილი ახალგაზრდული გუნდიდან, დავით გალეგაშვილი (66 კგ) და მამუკა კორძახია (96 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ლევან როჭიკაშვილმა (50 კგ), ლაშა ლომთაძემ (55 კგ), ბექა პეტრიაშვილმა, ზურაბ ერბოწონაშვილმა (ორივე 74 კგ) და თორნიკე ებანოიძემ (96 კგ) კი ბრინჯაოები მოიპოვეს.
ჭაბუკთა გუნდიდან, რომელსაც სათავეში თამაზ ბენდიანიშვილი უდგას, ფინალში მხოლოდ ბექა როჭიკაშვილმა (85 კგ) იჭიდავა. ტაიფუნ აბდულაევი, რამაზ ზოიძე (ორივე 42 კგ), შალვა ხუციშვილი (50 კგ), შოთა ფარტენაძე (54 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.122392