რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე უნივერსიადის ბოლოსწინა დღეს ქართულმა დელეგაციამ ნანატრი მედალი მოიპოვა და თანაც – ერთბაშად სამი. კვარცხლბეკზე შედგომა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა თორნიკე თურქიშვილმა და მიხეილ ქაჯაიამ და სამბისტმა ნიკო კუციამ მოახერხეს.
60 კგ. წონით კატეგორიაში თურქიშვილმა ამერიკელი ნიკოლას ტრიგასი და თურქი აბდულსამეტ უგურლი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ კამრან მამდოვთან წააგო. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ ირანელ მოჰამად ნოურბაკშს აჯობა.
მიხეილ ქაჯაიამ (96 კგ.) გზიდან იაპონელი აკირა ოსაკა ჩამოიცილა, შემდეგ კი მომავალ ფინალისტ ნიკიტა მელნიკოვს (რუსეთი) გადაეყარა და სანუგეშო რაუნდში გადაინაცვლა, სადაც სამხრეთკორეელი ჯიოუნგ ლიმი და აზერბაიჯანელი არაზ ჰასანოვი დაჯაბნა და ბრინჯაოს დაეუფლა.
დღესვე საქმეში ლაშა ლოლაშვილიც (74 კგ.) ჩაერთო, თუმცა პირველივე რაუნდში აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან წააგო.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგი სამბისტმა ნიკო კუციამ (82 კგ.) აჩვენა, რომელმაც ფინალში გასვლა შესძლო, იქ კი რუს სერგეი კირიუხინთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალამდე კუციამ სომეხი მჰერ კარაპეტიანი, უკრაინელი სერჰიი გონჩუკი და ლიტველი რადვილას მატუკასი დაჯაბნა.
62 კგ-ში დავით თარაშვილი ყირგიზ არტურ ტეს ვერ გაუმკლავდა, ხოლო როსტომ ხახალეიშვილმა (+100 კგ.) სომეხ ჰაკობ არაკელიანთან წააგო.