ფრანგული გრანდის პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ჩემპიონთა ლიგაზე კვიპროსულ აპოელ-თან დაპირისპირებამდე განაცხადა, რომ მომავალი მეტოქე საკმაოდ ძლიერად გამოიყურება.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პარიზელთა კაპიტანი ბრაზილიელი ტიაგო სილვა აგვისტოს შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.
"მაღალი დონის ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. სილვა არის აგრეთვე კაპიტანი და მისი დაბრუნება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. მან ვარჯიშებზე გაგვაოცა, განსაკუთრებით გამძლეობის მხრივ, რაც მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობა და მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამის მისაღწევად ვიბრძოლებთ. აპოელ-ი ძალიან კარგი გუნდია. კვიპროსელები "აიაქსის" წინააღმდეგ ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა, ასე რომ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ, რადგან წინ მაღალი დონის შეხვედრა გველის.
ჩვენ შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მატჩის სადავეები ხელში ჩავიგდოთ. "ბარსელონასთან" და "აიაქსთან" მატჩებიდან გამომდინარე ვიცით, რომ მეტოქე ძალიან დისციპლინირებულია და კონტრშეტევებში საშიშია. მათ შეიძლება ბურთი ხშირად არ მისდით, თუმცა როდესაც ბურთს დაისაკუთრებენ, მაშინ საშიშნი ხდებიან. აპოელ-ი კვიპროსში ყველაზე ძლიერი კლუბია, ხოლო ევროპაში ამ გუნდს თამაში მხოლოდ კონტრშეტევებზე უწევს", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
აღნიშნული გუნდების დღევანდელი დაპირისპირება რიგით მესამე გახლავთ. წინა ორი შეხვედრა 1993 წელს თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე გაიმართა. მაშინ პსჟ-მ შინ 2:0 მოიგო, ხოლო სტუმრად მეტოქე 1:0 დაამარცხა.