ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიის ნაკრებთან სტუმრად მარცხის (0:4) შემდეგ, გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალენ ბულა ამაყი დარჩა.
“ჩვენ ამაყნი ვართ. სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს მოთამაშეებისა და პერსონალის მიმართ. პატარა გიბრალტარი, უეფას ყველაზე მორიდებული წევრი, მსოფლიო ჩემპიონთან მატჩისთვის მზად აღმოჩნდა. დაცვაში კარგად უნდა გვეთამაშა. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ თამამად და უშიშრად ემოქმედათ. ბურთს ცოტა ხანი ვფლობდით, ძირითადად თავს ვიცავდით. მოთამაშეებს ვთხოვე 100 პროცენტით დახარჯულიყვნენ და ამავე დროს გაეღიმათ, რადგან მსოფლიო ჩემპიონს ყოველ დღე არ ვეთამაშებით.
ლიამ უოკერმა, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან საუცხოოდ ურტყამს, იცოდა, რომ მანუელ ნოიერი ზოგჯერ კარიდან ძალიან შორს გამოდის. გოლი შეუდარებელი გამოვიდოდა, მაგრამ ჩვენ გერმანიის ნაკრების კაპიტნის საუცხოო სეივის მოწმე გავხდით.
წინ დიდი გზა გველის. ეს ყოველივე განვითარების ნაწილია. საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი სტარტი არ გვქონია. იმედია, გავაჩუმეთ ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აქ ჩვენი ადგილი არაა. ჩვენ ამ ტურნირში დამსახურებულად ვთამაშობთ. სახლში ღიმილითა და ღირსეულად დავბრუნდებით” – ციტირებს ბულას უეფას ოფიციალური ვებგვერდი.