სახიფათო მომენტებით დახუნძლული, ლამაზი და ისტორიული თამაში გაიმართა გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე", სადაც გორის "დილამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში აქამდე აღნიშნულ გუნდებს შორის 20 დაპირისპირებაში ფრე არ დაფიქსირებულა, აი, 21-ე კი ყაიმით დასრულდა - 2:2.
საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩის დასაწყისი ორმხრივ შეტევებში სუსტი და არაზუსტი დარტყმებით წარიმართა.
პირველი სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში 21-ე ზესტაფონელმა ჯაბა დვალმა გოლად გარდასახა - მარგველთა თავდამსხმელმა საჯარიმოში საგოლე გადაცემა გიორგი ხიდეშელისგან მიიღო, ცრუმოძრაობით უკან ამოიწია, დასარტყმელი სივრცე შეიქმნა და ბურთი გიორგი სომხიშვილის კარის შორეულ მარცხენა კუთხეში გადაგზავნა - 1:0.
29-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირიმ საჯარიმო მარჯვენა ფლანგიდან შეასრულა, მეორე სართულზე ბრძოლაში ირაკლი მოდებაძემ იყოჩაღა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.
პირველი ნახევრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი სეთურიძემ ბურთი პავლოვიჩის კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა, თუმცა მარგველთა მეკარემ ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია.
მეორე ტაიმი გორელთა მასიური შეტევებით დაიწყო, თუმცა საწყის წუთებში რეალური მომენტი არ ჰქონიათ. ზესტაფონელები მალევე გამოფხიზლდნენ და 52-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა მეკარის საჯარომოს მარჯვენა კუთხიდან დაარტყა, თუმცა მცირედით ააცილა.
მე-60 წუთზე "დილას" შეტევებმა შედეგი გამოიღო - მარჯვენა ფლანგზე სეთურიძემ ბურთი მიიღო, მართალია მას მეკარე და მცველები გადაეღობნენ, მაგრამ კარისკენ მაინც დაარტყა და ბურთმა კარის ხაზი გიორგი ხიდეშელის ფეხიდან რიკოშეტით გადაკვეთა.
ამ მომენტიდან 6 წუთით ადრე გიორგი გეგუჩაძემ მოედანზე ილურიძის ნაცვლად შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე გამოიყვანა და მისმა აქტიურობამ მატჩს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შესძინა - ავტოგოლის გაშვების შემდეგ ზესტაფონელებმა უმალვე შეუტიეს, ჭანკოტაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა, თუმცა სომხიშვილმა საკუთარი გუნდი გოლისგან ლამაზი ნახტომით იხსნა.
71-ე წუთზე კვეკვესკირიმ საჯარიმო დარტყმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეასრულა და ბურთი მეტოქის კარის შორეულ კუთხისკენ გადაგზავნა, სადაც გიორგი ილურიძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მიწაზე დაეცა და პავლოვიჩის კარში ისე შევარდა - 2:1.
მატჩის ბოლო წუთზე "დილას" მცველმა ალექსანდრე კვახაძემ საჯარიმოში ბურთი უხერხულად მიიღო და მატჩის მთავარმა არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა გორელთა კარისკენ პენალტი დანიშნა. "ზესტაფონის" ლიდერმა ჯაბა დვალმა კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, დუბლი მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
შიდაქართლელებთან დაპირისპირებამდე, იმერელთა თავდამსხმელი ჯაბა დვალი 4 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფებოდა. ამ მატჩის შემდეგ კი დვალი და გორელთა ფორვარდი მოდებაძე 6-6 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობენ.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გიორგი გეგუჩაძის ასისტენტმა გურამ ასპინძელაშვილმა და გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს.
გურამ ასპინძელაშვილი: "როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონსა" და "დილას" შორის თამაში ყოველთვის დაძაბულია. განვლილ შეხვედრაში იყო ორთაბრძოლები და ვფიქრობ, “დილამ” მომენტებიც მეტად შექმნა და ლამაზი ფეხბურთიც ითამაშა."
უჩა სოსიაშვილი: "ჩვენ გუნდს თამაშამდე ფინანსური პრობლემების გამო ხუთი ვარჯიში გაუცდა. თამაშის განმავლობაში ორი იძულებითი ცვლილება მოვახდინეთ, რამაც მატჩზე გავლენა იქონია. ჩვენი მხრიდან მომენტები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული. ბოლო მომენტში მცველმა ბურთი უხერხულად მიიღო და დავისაჯეთ კიდეც."
"დილას" შანსი ჰქონდა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადასულიყო, თუმცა ცხინვალის "სპარტაკმა" "ჩიხურას" დამარცხებით (2:1) გორელები მეოთხე ადგილზე დააქვეითა. რაც შეეხება "ზესტაფონს" მარგველები კვლავ რთულ მდგომარეობაში არიან. 9 მატჩის შემდეგ, გეგუჩაძის გუნდი 10 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. მარგველები მომდევნო ტურში შინ მარტვილის "მერანს" მიიღებენ, ხოლო "დილა" ქობულეთში "შუქურას" ესტუმრება.
19 ოქტომბერი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა (გორი) - ზესტაფონი (ზესტაფონი) 2:2 (0:1)
დილა: გიორგი სომხიშვილი, ლაშა ჯაფარიძე (გივი ქარქუზაშვილი 36), გურამ ადამაძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე (თენგიზ წიქარიძე 77), ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი სეთურიძე, ნიკა კვეკვესკირი, რომან ახალკაცი (გიორგი ერისთავი 72), ირაკლი მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზესტაფონი: ბოიან პავლოვიჩი, რენე, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ხიდეშელი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (თორნიკე კაპანაძე 77), ლავან შარიქაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი ფანცულაია (ავთო ენდელაძე 63), ჯაბა დვალი, გიორგი ილურიძე (ჭანკოტაძე 54).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე
გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (21), 1:1 გიორგი ხიდეშელი (ავტოგოლი, 60), 2:1 ირაკლი მოდებაძე (71), 2:2 ჯაბა დვალი (90).
გაფრთხილება: ალექსანდრე კვახაძე (16), გიორგი ხიდეშელი (58), თორნიკე კაპანაძე (85), გიორგი ენდელაძე (90+3).
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
1. | დინამო (თბილისი) | 9 | 6 | 2 | 1 | 15:6 | 20 | |
2. | სამტრედია | 9 | 5 | 2 | 2 | 11:7 | 17 | |
3. | სპარტაკი | 9 | 5 | 2 | 2 | 9:8 | 17 | |
4. | დილა | 9 | 4 | 3 | 2 | 14:6 | 15 | |
5. | ტორპედო | 8 | 3 | 4 | 1 | 8:5 | 13 | |
6. | მეტალურგი | 9 | 3 | 4 | 2 | 11:9 | 13 | |
7. | ჩიხურა | 9 | 4 | 1 | 4 | 10:10 | 13 | |
8. | დინამო (ბათუმი) | 9 | 4 | 1 | 4 | 10:10 | 13 | |
9. | მერანი | 9 | 3 | 2 | 4 | 8:8 | 11 | |
10. | ზესტაფონი | 9 | 2 | 4 | 3 | 18:13 | 10 | |
11. | ვიტ-ჯორჯია | 9 | 3 | 1 | 5 | 9:9 | 10 | |
12. | გურია | 8 | 2 | 4 | 2 | 7:13 | 10 | |
13. | კოლხეთი | 9 | 2 | 3 | 4 | 9:13 | 9 | |
14. | სიონი | 9 | 2 | 2 | 5 | 9:15 | 8 | |
15. | შუქურა | 9 | 1 | 5 | 3 | 7:14 | 8 | |
16. | ზუგდიდი | 9 | 0 | 4 | 5 | 4:13 | 4 |
მეგოლეები:
6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.