რაგბი

17:46 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიგაურის მორიგი დუბლი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი რევაზ გიგაური წელს განსაკუთრებულ სეზონს ატარებს. ნახევრადპროფესიულ “ფედერალ 1”-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში, მან 4 ლელო გაიტანა. ცნობისათვის, 30 წლის მორაგბე საფრანგეთში 2006 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონამდე მას ჯამში 5 ლელო ჰქონდა გატანილი.

გიგაურმა “ფედერალ 1”-ის განვლილ, მეოთხე ტურში, “ლიმოჟთან” 35:19 მოგებულ შეხვედრაში დუბლი მიითვალა, რის შემდეგაც გათამაშებაში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა. 12 ოქტომბერს მისი, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონი” სტუმრად ეთამაშა ავთო კოპალიანის “ბობინს” და 27:10 დაამარცხა, გიგაურმა კი, კვლავ დუბლი მიითვალა. გუნდს 12 ქულით შეეწია “ბორჯღალოსანთა” მგეზავი კვირიკაშვილი. ოთხივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მასპინძელთა პირველხაზელი კოპალიანი 64-ე წუთზე შეცვალეს, კვირიკაშვილი 65-ეზე, სტუმართა პირველხაზელმა მოდებაძემ მოედანზე 71, ხოლო შუამარბმა გიგაურმა 74 წუთი გაატარა.

პირველ ტაიმში კვირიკაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ზედ შესვენების წინ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 13:3. 50-ე წუთზე გიგაურმა თავისი პირველი ლელო გაიტანა და კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი იყო. 61-ეზე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ 65-ეზე გიგაურმა მეორედ გადაკვეთა მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზი, კვირიკაშვილის დარტყმული კვლავ ზუსტი იყო და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “მონლუსონი” 18 ქულით პირველ ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო “ბობინი” 6 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.

გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა” თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგო” 26:3 დაამარცხა. ამ თამაშში მხოლოდ სორდიამ მიიღო მონაწილეობა, ის შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა და 76-ეზე მეტოქის მორაგბესთან ერთად გაასინბინეს. “ლილი” და “პერიგო” 10-10 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ, ოღონდ “ლილს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი მენაბდიშვილის “ტულე” “ლიბურნთან” 18:25 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. მენაბდიშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა. ქართველთა გუნდი 9 ქულით მე-6 ადგილზეა. ირაკლი ნინიძის “ლორმონი” ქართველი ლეგიონერის გარეშე 6:33 დამარცხდა ლიდერ “ნევერთან” და 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

მეხუთე ტურის შეხვედრა სხვებზე ერთი კვირით ადრე გამართეს ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟმა” და გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკმა”. “ლიმოჟმა” მეტოქე 30:26 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა კაზალიკაშვილმა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გაბელია, 36-ე წუთზე მეტოქის მორაგბესთან ერთად გაასინბინეს და მე-60-ეზე შეცვალეს, ხოლო ჟღენტი შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. “ლიმოჟი” 15 ქულით მესამეა, “ბერჟერაკი”8 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

მეორე ჯგუფში ასტამურ იოსელიანის “რომანიმ” დავით ბალანჩივაძის “ლა ვულტი” 20:13 დაამარცხა. იოსელიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათით დაისაჯა და 77-ეზე შეცვალეს. “რომანი” 15 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “ლა ვულტი” 6 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

ჯგუფის ლიდერმა (18 ქულა), გიორგი სულუაშვილის “ბურგ ან ბრესმა” ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინი” 22:6 დაამარცხა. სულუაშვილი განაცხადში არ იყო, სტუმართა მესამეხაზელი ჭეიშვილი შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა. “ლა სეინი” 14 ქულით მე-5 ადგილზეა.

თემურ გელანტიას “ტრიკასტინისა” და გურამ კავთიძის “მაკონის”, ასევე გიორგი ჯაშიტაშვილის და მიხეილ გაჩეჩილაძის “კარკერანისა” და საბა ქართველიშვილის “შამბერის” შეხვედრა გადაიდო.

მესამე ჯგუფში დევი დათუნაშვილისა და ტარიელ დონაძის “როდეზმა” “კონიასი” ქართველი ლეგიონერების გარეშე 33:6 პრემიალური ქულით დაამარცხა და ჯამში 17 ქულით მეორე ადგილზეა.

მეოთხე ჯგუფში თორნიკე ლომიძის “ოშმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე 28:3 დაამარცხა “ბლანიაკი” და 18 ქულით მეორე ადგილზეა. მასზე 3 ქულით მეტი აქვს ვახტანგ მაისურაძის, ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს”, რომელმაც სიმონ მაისურაძის “ვალანსი” სტუმრად 32:27 დაამარცხა. მასპინძელთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო სიმონ მაისურაძე და 46-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა შორის პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა პატარაიამ. აღსანიშნავია, რომ “ვალანსმა” საწყის 20 წუთში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (18:0), ტაიმი 21:9 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში “ექს-ან-პროვანსმა” თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა, დასკვნით 3 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა და ლიდერობა შეინარჩუნა. “ვალანსმა” პრემიალური ქულა მიითვალა და 5 ქულით მე-9 ადგილზეა.

ლაშა მალაღურაძის “ბანიერმა” წელს მეორე შეხვედრა დათმო. ამჯერად ის “ოლორონთან” 16:33 დამარცხდა და 14 ქულით მესამე ადგილზეა. მალაღურაძემ შუამარნად სრულად ითამაშა და 50-ე წუთზე ჯარიმით გუნდს 3 ქულით შეეწია, მაგრამ ამან “ბანიერს” ვერ უშცველა. 14 ქულა აქვს და მეოთხეა ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “აგდეს”, რომელმაც მეხუთე ტურში “ლენემეზანი” 38:29 დაამარცხა. განვლილ მატჩში ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ გიორგაძემ მიიღო მონაწილეობა. ბექა ბურდიაშვილის “გროლემ” 33:25 სძლია “მულენს” და 6 ქულით მე-8 ადგილზეა. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტური 18-19 ოქტომბერს გაიმართება.

თეგებიფედერალ 1
0.117012