ჭადრაკი

14:00 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრის ეტაპი თბილისში!
მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ბაადურ ჯობავაც ჩაერთვება

სასიხარულო ცვლილება დაფიქსირდა მსოფლიო საჭადრაკო გრან-პრის გათამაშებაში ვაჟთა შორის. ფიდე-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გრან-პრის სერიის მესამე ეტაპი, მომავალი წლის თებერვალში, ირანის დედაქალაქ თეირანის ნაცვლად თბილისში გაიმართება.

შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის შანსი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ბაადურ ჯობავას მიეცემა, როგორც მასპინძელი ქვეყნის ნომინანტს. ის ირანელ გაემ მაგამის ჩაანაცვლებს და თბილისური ეტაპის გარდა, ტაშკენტის და ხანტი-მანსიისკის ტურნირებზეც იასპარეზებს.

ცნობისთვის, ფიდე-ს გრან-პრის პირველი ეტაპი სულ ახლახანს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა და მასში 6.5-6.5 ქულით იტალიელმა ფაბიანო კარუანამ და ებრაელმა ბორის გელფანდმა იმარჯვეს.

დანარჩენი ეტაპების განრიგი ასეთია: 20 ოქტომბერი-3 ნოემბერი (2014) – ტაშკენტი, უზბეკეთი; 14-28 თებერვალი (2015) – თბილისი, საქართველო; 13-27 მაისი (2015) – ხანტი მანსიისკი, რუსეთი.

ცნობისთვის, გრან-პრის თითოეული ეტაპის მოგებისთვის 170 სარეიტინგო ქულა და 20 ათასი ევროა გათვალისწინებული. ჯამური შედეგებით 2 საუკეთესო მსოფლიო ჩემპონობისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს.

0.120579