მადრიდის “რეალისა” და კატალონური “ბარსელონას” მრავალწლიან ისტორიაში მხოლოდ 2 საფეხბურთო სპეციალისტია, რომელთაც მთავარ მწვრთნელად როგორც ერთ, ასევე მეორე გრანდში უმუშავიათ. პირველი მათგანი ურუგვაელი ენრიკე ფერნანდესია. სამხრეთამერიკელი დამრიგებელი “ბარსას” 1947-50 წლებში მოძღვრავდა და კატალონელებს ორჯერ მოაპოვებინა ესპანეთის ჩემპიონობა. 1953 წელს ფერნანდესი სამუშაოდ “რეალში” მივიდა, ესპანეთში ალფრედო დი სტეფანოს პირველი მწვრთნელი გახდა, “ბლანკოსს” კი ლა ლიგა მოაგებინა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ენრიკე ფერნანდესი ხოსე ვილიალონგამ იმ მომენტში შეცვალა, როდესაც “სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილს ლიდერობდა.
სერბი რადომირ ანტიჩი “რეალს” ორჯერ და ორივეჯერ ნახევარი სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში (1990-91 და 1991-92). ფერნანდესის მსგავსად, ბალკანელიც “ბლანკოსის” ლიდერობის მომენტში დაითხოვეს მადრიდელთა მთავარმწვრთნელობიდან. 2003 წელს ანტიჩმა “ბარსელონას” წინამძღოლის პოსტზე ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი შეცვალა. მაშინ “ბლაუგრანას” ძალიან უჭირდა – კამპ ნოუელებს გასავარდნი ზონიდან მხოლოდ 3 ქულა აშორებდათ. ანტიჩის მთავარმწვრთნელობით “ბარსამ” პრიმერა დივიზიონში მეექვსე საფეხური დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გააღწია.
- ერთ-ერთი სპეციალისტი ხართ, რომელმაც “რეალის” მთავარ მწვრთნელადაც იმუშავეთ და “ბარსელონასაც” ედექით სათავეში...
- შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ჩემი უმთავრესი სამწვრთნელო მიღწევაა. ამ ფაქტით ვამაყობ.
- ამის მიუხედავად, დიდი ხნით მუშაობა არც “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოგიწიათ და არც “კამპ ნოუზე”. ეს გულში ხინჯად არ დაგრჩათ?
- “ბარსელონადან” ჩემი აბარგება ახალი პრეზიდენტის ლაპორტას მისვლას დაემთხვა, მთავარ მწვრთნელთან ერთად კი გუნდი ლუის ენრიკეს, დე ბურსა და კოკუს დაატოვებინეს. “კამპ ნოუზე” მუშაობას წარმატებულად ვთვლი, რადგან სწორედ ჩემი კატალონიის დედაქალაქში ყოფნისას დაიწყეს თავიანთი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვალდესმა, ხავიმ, პუიოლმა და ინიესტამ. ვფიქრობ, იმ პერიოდში აჩვენებდნენ თავიანთ საუკეთესო თამაშს სავიოლა და კლუივერტი.
- კატალონური გრანდის მსგავსად, მადრიდის “რეალიდანაც” დაგითხოვეს...
- არადა, იმ მომენტისთვის “ბლანკოსი” პრიმერა დივიზიონის გათამაშების ცხრილს სათავეში ედგა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მუშაობის დროსაც ფეხბურთელებს საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ყოველმხრივ ვუწყობდი ხელს. მადრიდან წასვლის შემდეგ ემილიო ბუტრაგენიო შემხვდა და მითხრა, ერთადერთი მწვრთნელი ხართ, რომლის დამრიგებლობისას “პიჩიჩის” (ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი) ტიტული მოვიგე. “ელ ბუიტრესთან” ბევრი ვისაუბრე და ერთმანეთს ძალიან თბილად დავშორდით.
- ფერნანდო იერომაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები თქვენი მისამართით...
- მას თავისუფლების მეტი ხარისხი მივანიჭე და შედეგმაც არ დააყოვნა – იერომ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
- ვარსკვლავებთან მუშაობა და საერთო ენის გამონახვა გიადვილდებოდათ?
- ნებისმიერ მათგანთან ინდივიდუალურად ვმუშაობდი. ძალიან მიხაროდა, როცა ნიჭიერი მოთამაშე მაქსიმუმის გამოვლენას იწყებდა. თანაც, გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან მოთათბირების შემდეგ ვიღებდი. ასე იყო ხავის შემთხვევაში. მას შემტევი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება პირველად მე დავავალე და მოხარული ვარ, ამ პოზიციაზე ხავი სადღეისოდ საუკეთესო მოთამაშე რომაა. თავდაპირველად მას ჩემი იდეა არ მოეწონა და მიმტკიცებდა, ისეთსავე სტილით უნდა ვითამაშო, როგორც გვარდიოლა ასპარეზობსო. საბოლოოდ ჩემმა არგუმენტებმა გადასწონეს.
- გვარდიოლას მსგავსად, ხავისაც “სამწვრთნელო სული” აქვს?
- მატჩის მსვლელობისას პეპი ყოველთვის ბევრს საუბრობდა და ჟესტიკულირებდა. ხავი სხვაგვარი სტილის ადამიანია.
- თავის დროზე პუიოლსაც შეუცვალეთ ამპლუა...
- დიახ, კარლესი დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მე კი იგი საუკეთესო ცენტრალურ უკანახაზელად მესახებოდა. არც შევმცდარვარ.