ფეხბურთი

10:50 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინუს გიაუ, პლიუს გუნდოგანი

კრიზისში მყოფი დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუშინ ორი განსხვავებული ინფორმაცია მიიღო. გუნდის ერთმა ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და ახალ წლამდე ვერ ითამაშებს, ხოლო მეორემ დაზიანება მოიშუშა და მზადაა გუნდს უახლოესი ტურიდან დაეხმაროს.

სერიოზული ტრავმა აშშ-ს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჟოზეფ-კლოდ გიაუმ მიიღო. ამის შესახებ Associated Press-ს ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა განუცხადა.

მისი თქმით ეკვადორთან გამართული ამხანაგური მატჩისას 22 წლის ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა. ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ ის ექიმების ოპერატიულ ჩარევას მოითხოვს და გიაუ მოედანს იანვრამდე ვერ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ჟოზეფ-კლოდი “დორტმუნდში” “ჰოფენჰაიმიდან” გასულ ზაფხულს გადავიდა და პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა.

სამაგიეროდ, ტრავმა სრულად მოიშუშა ილკაი გუნდოგანმა და მზადაა გუნდს რთულ პერიოდში დაეხმაროს. ზურგის მძიმე ტრავმის გამო, ის მოედანზე 2013 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ გასულა და მთელი გასული სეზონი გაუცდა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.

23 წლის ფეხბურთელმა ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, “კიოლნთან” შეხვედრის წინ ის განაცხადში აუცილებლად იქნება.

“ვგრძნობ, რომ სათამაშოდ მზად ვარ. როგორც კი სანაკრებო ბატალიები დასრულდება, ვარჯიშს პირველი გუნდის ძირითად ჯგუფთან ერთად გავაგრძელებ. თუ რაიმე არ მოხდა, “კიოლნთან” მატჩის განაცხადში აუცილებლად ვიქნები”, - განაცხადა გუნდოგანმა.

0.138202