სხვა

15:23 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ANOC-ის გენერალური ასამბლეა

5-8 ნოემბერს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა ეოკ-თა მსოფლიო ასოციაციის (ANOC) XIX გენერალური ასამბლეა. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ 203 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 40 სოკ-ის წევრი, 14 სპორტის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტები. ჩვენს ქვეყანას კი სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი წარმოადგენდა.

ასამბლეის დღის წესრიგში იყო 30-მდე საკითხი. ჩატარდა აგრეთვე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენელთა ინფორმაციული სხდომა.

ANOC-ის ახალი ხელმძღვანელების (რომლებიც 2012 წლის რიგგარეშე სესიაზე იქნენ არჩეული) სტრატეგიული ამოცანაა იპოვოს მსოფლიო ოლიმპიურ რუკაზე თავისი ფუნქცია და როლი. შეიცვალა წესდება, მართვის ორგანოები, შტაბ-ბინა გადმოტანილ იქნა ლოზანაში (შვეიცარია).

ANOC-ის პრეზიდენტის შეიხ ალ-ფაჰად ალ საბახის გამოსვლაში ითქვა, რომ ამ ორგანიზაციამ უნდა იპოვოს თავისი ადგილი, ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი და თავისი ეგიდით ჩასატარებელი მსოფლიო მასშტაბის თამაშები. "მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუპირისპირდებით და წინააღმდეგობაში არ მოვალთ სოკ-თან, სხვა საერთაშორისო სპორტულ სტრუქტურებთან. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ისეთი სტრუქტურა, რომლებიც ახალი თამაშების პრეზენტაციის შემთხვევაში ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის იმ ქვეყნებს და ქალაქებს, სადაც მათი ჩატარების გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - განაცხადა ANOC-ის პრეზიდენტმა.

ეოკ-თა მსოფლიო ასოციაცია ორი მიმართულებით აპირებს წარმართოს თავისი საქმიანობა. პირველი - ორგანიზაცია გაუკეთოს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ სპორტში წარმატებულთა დაჯილდოებას. დაახლოებით ისე, როგორც ეს ხდება მაგალითად "ოსკარით" დაჯილდოება ხელოვნებაში. ANOC-ის მესვეურებს მიაჩნიათ, ეფექტური მენეჯმენტით და კარგი რეკლამით უზრუნველყოფენ მაუწყებელთა დიდ დაინტერესებას და, შესაბამისად, ამ გზით მიღებული შემოსავლებით მოხდება ბიუჯეტის შევსება. და მეორე - მსოფლიო რანგის თამაშები, რომლებიც ჩატარდება ANOჩ-ის პატრონაჟობით და გამოიწვევს როგორც სპორტსმენთა, ისე – მედიის დიდ დაინტერესებას.

ეს თამაშები არ უნდა იყოს ძვირი, არ უნდა საჭიროებდეს დიდ კაპიტალდაბანდებებს ინფრასტრუქტურაში, უნდა იყოს მიმზიდველი, საინტერესო მაყურებლისთვის და მედიისთვის. ბევრი სჯა-ბაასისა და განხილვის შემდეგ არჩევანი გაკეთებულ იქნა - ჭორლდ Bეაცჰ Gამე (მსოფლიო საპლაჟო თამაშები). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2015 წელს ANOC-ის ვაშინგტონის ასამბლეაზე.

ბანგკოკის ასამბლეაზე ოთხი წლის ვადით (2014-2018 წწ.) ANOC-ის პრეზიდენტად და პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს შესაბამისად შეიხი ალ საბახი და პატრიკ ჰიკი.

თომას ბახისა და სხვათა გამოსვლაში მოწონებით იქნა აღქმული სოკ-ის ინიციატივით ამ დღეებში გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ ყველა დონეზე დადასტურებულია ოლიმპიური ოჯახის სუბიექტთა სრული ავტონომია (ეს პირველ რიგში ეხება ეოკ-ებს); სოკ-ი რეზოლუციით აღიარებულ იქნა მსოფლიო სპორტის უალტერნატივო ლიდერად; ეთხოვათ გაეროს წევრებს მეტი ყურადღება დაუთმონ სპორტის პოპულარიზაციას განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ასამბლეაზე სოკ-ის პრეზიდენტის თ.ბახის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაცხადდა ოლიმპიური თამაშების პროგრამასთან დაკავშირებულ იმ რევოლუციურ ცვლილებებზე (პროგრამა-2020), რომელიც განხორციელდება 8-9 დეკემბრის სესიაზე.

"ჩვენ უნდა მოვახდინოთ ცვლილებები. და ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ეფექტურად. დრო ჩვენზე არ მუშაობს. ამას ჩვენ თუ სასწრაფოდ არ გავაკეთებთ, არ დავუგდებთ ყურს მოთხოვნებს, რეალობას, მაშინ ამას გააკეთებენ სხვები" - თქვა თავის გამოსვლაში თ.ბახმა. ბოლო ერთი წლის მანძილზე სოკ-ში შევიდა 40 ათასამდე რეკომენდაცია, წინადადება, თხოვნა პროგრამის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. მათში ასახვა ჰპოვა 1200 იდეამ. სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მათი ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა 40 რეკომენდაცია, რომლებიც უკვე განიხილა სოკ-ის აღმასკომმა და რომლებიც შესასწავლად მონაკოს სესიის წინ (8-9 დეკემბერი, 2014 წ.) გადაეგზავნათ სოკ-ის წევრებს.

რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოლიმპიური პროგრამები პერიოდულად დაექვემდებარება ცვლილებებს, კერძოდ, მასპინძელ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა სპორტის სახეობის არჩევის თაობაზე. პროგრამაში ალბათ ადგილს იპოვის სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც არ ითხოვენ ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას და ამავე დროს სარგებლობენ მაყურებელთა დიდი ინტერესით. "ჩვენი მთავარი ამოცანაა- მომავალში ქვეყანამ და ქალაქმა, რომლებიც იღებენ ვალდებულებას უმასპინძლონ ოლიმპიურ თამაშებს, მისი ორგანიზება შეძლოს რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანახარჯებით. უნდა მივაღწიოთ, რომ თამაშების შემდეგ სპორტულმა არენებმა იფუნქციონერონ და მათი ექსპლუატაცია ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს ქვეყნისა თუ ქალაქის ბიუჯეტს" - ითქვა თ.ბახის გამოსვლაში.

როგორც ჩანს, სოკ-ის მესვეურები შეშფოთებულნი არიან იმ სიტუაციით, რომელიც უკვე სეიქმნა ოლიმპიური თამაშების, კონტინენტალური თუ სხვა კომპლექსური სპორტული ფორუმების სავარაუდოდ ჩამტარებელი ქვეყნების ინტერესის კლების გამო. ყველას კარგად ახსოვს ათენის, ატლანტის, სოჭის მაგალითები. კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი 2022 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორც კულუარებში საუბრობდნენ, სოკ-ის ხელმძღვანელების მთავარი ამოცანაა, რომ ალმატიმ არ მოხსნას თავისი კანდიდატურა. თუ ეს მოხდება, სოკ-ი აღმოჩნდება მეტად არახელსაყრელ სიტუაციაში - პეკინი რჩება ერთადერთ უალტერნატივო ქალაქად. არადა, როგორც ბანგკოკში ითქვა, ყაზახეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სოჭის მაგალითზე სერიოზული ეჭვები წარმოეშვა - გამართლებულია და ღირს კი ოლიმპიური თამაშების ჩატარება საერთოდ?

იგეგმება სამაუწყებლო ოლიმპიური არხის გახსნა.

ოლიმპიური სოლიდარობის ხელმძღვანელების გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ რიო-2016-ის წინმსწრებად დაწყებული სპორტსმენთა სტიპენდიების მიმღებთა შორის საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა განაცხადი. 14 ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს იმ 600 ათლეტს შორისაა, რომლებიც უკვე იღებენ სოკ-ის სტიპენდიებს.

გაკეთდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლიდან ეოკ-ებს, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, გაეწევათ ფინანსური დახმარება თავიანთი ვებ-გვერდების შექმნის ან განახლება-მოდერნიზაციის მიზნით. ანალოგიურად შეიძლება ფინანსური დახმარების მიღება სპორტსმენთა ელექტრონული ბაზის (მონაცემთა ბანკი) შექმნის შემთხვევაში.

რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზენტაციაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ იყო ეჭვები ოლიმპიური თამაშების მაღალ დონეზე ჩატარებასთან მიმართებაში, მიმდინარე წლის ივნისში ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში გამართულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში ეს ეჭვები გაფანტა. "ჩვენ ვიცოდით, რომ შევძლებდით შესანიშნავი ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, უფრო სწორად, ყველაზე უკეთესის ჩატარებას. მავანთ ამის არ სჯეროდათ, მათ შორის არც სოკ-ის ოფისში. FIFA-2014 -ის ჩატარებამ ყველა დაარწმუნა - ჩვენ ჩავატარებთ სანიმუშო თამაშებს" - განაცხადა ორგკომიტეტის თავმჯდომარემ კარლოს ნუზმანმა, რომელიც იმავდროულად ბრაზილიის ეოკ-ის პრეზიდენტიცაა.

რიო-2016-თან მიმართებაში დამატებითი აუცილებელი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ორგკომიტეტის საიტზე. კონკრეტულ ინფორმაციას ყველა საკითხზე ეოკ-ები მიიღებენ 2015 წლის 17-21 აგვისტოს, როცა გაიმართება მისიათა ხელმძღვანელების სემინარი.

44 სპორტული არენა დაყოფილია სამ კლასტერად. ობიექტების მშენებლობები მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით. მოხალისეთა 140 ათასი განაცხადია, რაც აუცილებელზე ორჯერ მეტია. იქნება ერთი ოლიმპიური სოფელი 31 მრავალსართულიანი სახლით 18 ათასი ადგილით. ქალაქს უკვე გააჩნია 30 000 ნომერი სხვადასხვა კლასის სატუმროებში.

ლონდონისა და სოჭის შემდეგ სოკ-მა ორგკომიტეტთან ერთად შეცვალა თამაშებზე დასასწრები ბილეთების გავრცელების მთლიანი სისტემა. ორგკომიტეტის თხოვნაა - ეოკ-ებმა, სანამ ჯერ კიდევ დროა, გადაწყვიტონ - ან თვითონ აიღონ თავის თავზე თამაშებზე დასასწრები ბილეთების შესყიდვა, ან ამ მიზნით დაიქირაონ ლიცენზირებული აგენტები.

რიო-2016-ის ორგკომიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს, ვეყრდნობით რა სეოკ-ის პრეზიდენტის ლ.ხაბელოვის პოზიციას, ვვარაუდობთ ჩვენ უარი ვთქვათ ეოკ-ის აგენტის აყვანაზე ბილეთებთან მიმართებაში და ეს ფუნქცია თავის თავზე აიღოს სეოკ-მა. ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში თავად სეოკ-ი გადაწყვეტს რომელ შეჯიბრებაზე და რა რაოდენობის ბილეთები დასჭირდება და მოახდენს მათ გამოსყიდვას.

2013 წლის სექტემბერში ბუენოს აირესში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს ტოკიო, მოქმედებაში ჩაეშვა იაპონიის სამთავრობო პროექტი Sport for Tomorrow ("სპორტი ხვალისთვის"), რომელიც ითვალისწინებს 2014-2020 წლებში მსოფლიოს 10 მილიონამდე ადამიანს, სპორტსმენს, მწვრთნელს, მენეჯერს გაეწევა დახმარება და ეს გეოგრაფიულად მოიცავს მსოფლიოს 100 ქვეყანას.

პროგრამაში შედის დახმარება სპორტული იარაღებით და აღჭურვილობით, ფორმით, ერთობლივი ვარჯიშებით, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებით (მოკლევადიანი და ხანგრძლივი დროით), მწვრთნელთა და სპეციალისტთა მივლინებებით როგორც იაპონიაში, ისე დაინტერესებულ ქვეყნებში; სპეციალური პროგრამებით სკოლებისა და სტუდენტი ახალგაზრდობისთვის და ა.შ. ამ პროექტისადმი ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ იაპონიის საელჩოს საქართველოში ან იაპონიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.

ANOC-ის ბანგკოკის გენერალურ ასამბლეაზე მოსმენილ იქნა აგრეთვე საორგანიზაციო კომიტეტების ინფორმაციები მზადების შესახებ:

- ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, ლილეჰამერი (ნორვეგია), 2016 წლის 16-28 თებერვალი. მისიათა ხელმძღვანელების სემინარი - 1-4 ოქტომბერი 2015 წ.;

- პირველი ევროპული თამაშები - ბაქო (აზერბაიჯანი), 2015 წლის 12-28 ივნისი;

- ზამთრის ოლიმპიური თამაშები - პიონგჩანგი (კორეა), 2018 წ.;

- მსოფლიო III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები (ზაფხულის სახეობები) - ბუენოს აირესი, 2018 წ.;

- ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, ტოკიო, 2020 წ.;

- 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე კანდიდატი ქალაქების ალმატის (ყაზახეთი) და პეკინის (ჩინეთი);

- FINA-ს მსოფლიო ჩემპიონატი - ყაზანი-2015 წ., 6-16 აგვისტო;

- WADA-ს (დოპინგთან ბრძოლის სააგენტო) და CAS-ის (სპორტული კონფლიქტების საარბიტრაჟო სასამართლო) პრეზიდენტების გამოსვლები.

მივლინების პერიოდში ადგილი ჰქონდა შეხვედრებს:

- პატრიკ ჰიკისთან და ჟოზეფ ლიბასთან - თბილისი-2015 მზადების მიმდინარეობის საკითხებზე. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სოკ-ის დეკემბრის სესიაზე კოსოვოს სავარაუდო აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები.

- ალექსანდრე ჟუკოვთან - თბილისში სოკ-ის პრეზიდენტის თ.ბახის ვიზიტის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტთან გ.მარგველაშვილთან შეხვედრის დროს წამოჭრილი იდეის - ორი ქვეყნის სპორტსმენების კონტაქტებისა და მათი როლის თაობაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების საქმეში.

- პამელა ვაიპონდთან - ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით და საკითხები, რომელთა გარშემო საუბარი გაგრძელდება ბაქოში (20-22 ნოემბერი, 2014 წ.).

- რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან - საცხოვრებლის, ბილეთების და კომუნიკაციების საკითხები.

- ბაქო-2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან - პირველ ევროპულ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

უნდა აღინიშნოს, რომ სოკ-ის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ის ხელმძღვანელები, რომლებიც სეოკ-ის საიუბილეო დღეებში სტუმრად იყვნენ თბილისში, ერთხმად აღნიშნავდნენ ჩატარებული ღონისძიების მაღალ ხარისხს, სეოკ-ის პროფესიონალიზმს, გულთბილ მასპინძლობას.

www.geonoc.org.ge

0.125787