ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ლონდონის “არსენალის” ერთბაშად ორი შემტევი ფეხბურთელით დაინტერესდა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში არა მხოლოდ გერმანელი თავდამსხმელის ლუკას პოდოლსკის, არამედ კოსტარიკელი შემტევის ხოელ კემპბელის შეძენასაც გეგმავს.
“იუვენტუსი” კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელში სებასტიან ჯოვინკოს შემცვლელს ხედავს, რომელიც კლუბის შეცვლას აპირებს. ტურინელთა გარდა, კემპბელის მიმართ ინტერესს “მილანი” და “ინტერი”, ასევე თურქული “გალათასარაი” იჩენს. “არსენალი” მის გაშვებას განათხოვრების წესით აპირებს.
რაც შეეხება პოდოლსკის, გერმანიის ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი “არსენალში” სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლის სურვილი თავად გამოთქვა. პოდოლსკიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მოედანზე მხოლოდ 46 წუთი გაატარა. კემპბელმა ორჯერ ითამაშა შეცვლაზე და მოედანზე 37 წუთი დაჰყო.