კალათბურთი

1:31 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია – ისევ 20 ქულა ევროლიგაში!

ზედიზედ მე-2 მატჩია, ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგაში 20 ქულას აგროვებს და ამ ორ თამაშში 1 დაკარგვაც კი არ ჰქონია.

მე-5 ტურში თოკოს “ლაბორალ კუჩა” ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” დაუხვდა და 66:86 განადგურდა, ქართველი ფორვარდი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34:32 წუთი გაატარა.

აღნიშნულ დროში შენგელიამ 14-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და 20 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ბასკურმა კლუბმა 20-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო და “ცრვენა ზვეზდას” ცენტრებს – ბობან მარიანოვიჩს და მაიკ ზირბესს ვერაფერი მოუხერხა. მათ ჯამში 27 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვეს.

“ლაბორალ კუჩას” 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და D ჯგუფში ჯერაც მე-4 ადგილზე იმყოფება, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას იძლევა. შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს ლიტვაში “ნეპტუნასთან” ჩაატარებენ.

0.119321