ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ “ფურია როხას” რიგებში პირველი გოლი გაიტანა. ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ლუქსემბურგთან სტუმრად მოგებულ მატჩში (4:0) თავი 69-ე წუთზე გამოიჩინა.
შეხვედრის შემდეგ კოშტამ განაცხადა, რომ ნაკრებში წარუმატებელი თამაშის გამო წუხდა.
“ვწუხდი იმ ფაქტით, რომ გოლი ვერ გამქონდა, მაგრამ ახლა ნავსი გავტეხე და ბედნიერი ვარ. გოლის გასატანად მხოლოდ ბურთზე ფეხის მირტყმა მჭირდებოდა და გავიტანე კიდეც. მინდა მადლიერება გამოვხატო მთავარი მწვრთნელის მიმართ. ყოველ თამაშში იგი შანსს მაძლევდა.” – განაცხადა კოშტამ.
დიეგო კოშტასთვის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ლუქსემბურგთან ჩატარებული მატჩი რიგით მეშვიდე გახლდათ.