ფეხბურთი

1:43 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ვიცით, რა შეგვიძლია, ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა და 90 წუთი გვაქვს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ მატჩის (3:3) კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, სტანდარტულ მდგომარეობებზე დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესონ:

„დღეს მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ძალიან კარგად ვერ დავიწყეთ, ორი გოლი გავუშვით, ერთი სტანდარტულიდან. „ინტერს“ ჩვენზე უკეთესი დონე აქვს ამ ასპექტში, მაგრამ თავი უკეთ უნდა დავიცვათ. „ატლეტიკოსთანაც“ იგივე პრობლემა გვქონდა, უნდა გავაუმჯობესოთ სტანდარტებზე თამაში.

ფეხბურთელებისთვის ბევრი არაფერი მითქვამს, ხვალ გვექნება დრო ყველაფერი გავაანალიზოთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშით, თუ როგორი რეაქცია გვქონდა. იამალი თამაშის პირველ ნაწილში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საგოლე მომენტები შექმნა და გაიტანა კიდეც. ის განსაკუთრებულია, ეს ადრეც მითქვამს, გენიოსია. როდესაც გარედან უყურებ, ყველაფერს ხედავ, წარმოუდგენელია მისი ქმედებების დეტალები. როგორც ინძაგიმ თქვა, ასეთი ფეხბურთელები მხოლოდ 50 წელში ერთხელ თუ ჩნდებიან, მიხარია, რომ „ბარსელონაშია“.

საპასუხო მატჩში „ინტერი“ მხოლოდ თავს ვერ დაიცავს, მათ გატანაც უნდა სცადონ, ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, სადაც ევროპის ოთხი საუკეთესო გუნდია. ჩვენ სტილით და თავდაჯერებულობით ვთამაშობთ, ვიცით, რა შეგვიძლია. წინ კიდევ 90 წუთია და იმედი მაქვს, ეს საკმარისი იქნება ფინალში გასასვლელად, ეს ჩვენი მიზანია და ამისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მილანში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120346