„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
გერმანელი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი გუნდი სრულად კონცენტრირებულია მომავალ შეხვედრაზე და მაქსიმუმს გააკეთებს:
„ვიცით, რომ „ინტერთან“ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ვსაუბრობთ გუნდზე, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს. მათი ნახევარმცველები ძალიან ძლიერები არიან, ფლანგის ფეხბურთელები შეტევაში აქტიურად მიდიან, შესანიშნავი თავდამსხმელები, რომლებიც კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათონი არიან. რთული თამაში იქნება და მზად უნდა ვიყოთ.
„რეალთან“ ფინალის მოგება ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ახლა „ინტერთან“ მატჩზე ვართ ორიენტირებული, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი გვაქვს, ეს ოცნება იქნება. კარგად ვივარჯიშეთ და ვეცადეთ, გვემუშავა იმაზე, რაშიც მომატება შეგვიძლია. ორივე შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.
შემადგენლობაზე ხვალ ვიფიქრებთ, დღეს შესაფერისი დღე არაა სასტარტო შემადგენლობაზე სასაუბროდ. ვნახოთ, ყველა ფეხბურთელი ენერგიას როგორ აღიდგენს. „ინტერმა“ კვირას ითამაშა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ყველას სურს მაქსიმუმის გაღება. მაქსიმალურად კონცენტრირებული ვართ, ყველამ იცის, თუ რა მნიშვნელობის მატჩია. „რეალთან“ გამარჯვებამ მუხტი მოგვცა, ვიცით, რომ ბევრი მუშაობა გვჭირდება ფინალში გასასვლელად, რადგან „ინტერიც“ მაქსიმუმს გააკეთებს.
შჩესნი თუ ტერ შტეგენი? ჩემპიონთა ლიგაზე შჩესნი ითამაშებს, ეს ცხადია. ვნახოთ, რა მოხდება ჩემპიონატში. დღეს ვივარჯიშეთ, ტაქტიკურად სამუშაოდ ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ვიმუშავეთ. ფერმინ ლოპესი ყოველთვის არის არჩევანი, შაბათს ფანტასტიკურად ითამაშა, ის არის ფეხბურთელი, რომელიც შეტევაში სივრცეებს ითვისებს, მაგრამ დაცვის დახმარებაც შეუძლია.
ჩემი კონტრაქტი? ვფიქრობ, მომდევნო სეზონშიც აქ იქნები, კონტრაქტი 2026 წლამდე მაქვს. უკვე ვთქვი, რომ „ბარსელონაში“ ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა სხვა თემებზე საუბრის დრო არაა. სეზონის მიზნებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ხვალ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვიცით, რა უნდა შევცვალოთ „ინტერის“ წინააღმდეგ, სივრცეები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, მნიშვნელოვანი იქნება ბურთის შენარჩუნება, კარგად დაცვა და ცოტა შეცდომის დაშვება.
ვიცით, რომ „ინტერმა“ ბოლო სამი მატჩი წააგო, მაგრამ განსხვავებული თამაში იქნება, ეს ჩემპიონთა ლიგაა, დიდი შანსი ტიტულის მოსაგებად. ფინალამდე ორი მატჩი გვაშორებს, ამიტომ, წარსულს მნიშვნელობა არ აქვს“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.