ფეხბურთი

2:09 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დავიწყეთ, ეს გასაოცარი შედეგია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ტორინოსთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ კიდევ ოთხი ნაბიჯი დარჩათ.

„ინტერი“ – „რომას“ მატჩზე არ მიყურებია, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ჩვენი თავის გამო ისედაც ვიტანჯებით და სხვების გამოც რატომ უნდა ვიტანჯოთ? „ფიორენტინა“ – „ემპოლის“ მეორე ტაიმს ვუყურე, ტელეფონი, ყველაფერი გავთიშე და შედეგი მოგვიანებით გავიგე.

ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია, პირველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რომ ოთხი ნაბიჯი კიდევ დაგვრჩა. დღეს სტადიონზე მოსვლაც რთული იყო, რადგან ირგვლივ უამრავი გულშემატკივარი იყო, მათ დიდი მუხტი მოგვცეს, მე-12 კი არა, მე-13 ფეხბურთელის როლი ითამაშეს. 74 ქულა გვაქვს, რაც იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დავიწყეთ, გასაოცარი შედეგია და ეს ბიჭების დამსახურებაა. ძალიან ბევრი შრომის ნაყოფს უკვე ვხედავთ, ჩემპიონთა ლიგაზე პრაქტიკულად გავედით, რაც კლუბისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ამბავია, სკუდეტო კი, სასწაული იქნებოდა.

შემადგენლობაში არ გვყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სეზონში მინიმუმ 10 გოლის გატანა, ამიტომ, ჩვენი არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება უნდა გვეცადა, საამისოდ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს და ჩემპიონობისკენ მიიწევს, რომელიც მის ისტორიაში მეოთხე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11571