საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლიონმა“ „რენი“ 4:1 გაანადგურა, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველი ფორვარდი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ 76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად და ერთ წუთში დიდებული გოლი გაიტანა. რაიან შერკისთან კარგი კომბინაციის შემდეგ მიქაუტაძემ ვარდნაში ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.
მიქაუტაძემ 82-ე წუთზეც შეაგდო, მაგრამ ამჯერად გოლი არ ჩაუთვალეს. „ლიონმა“ ადვილად გაიმარჯვა, პირველივე ტაიმში 3:0-ს იგებდა და ცხადია, მეორე ნახევარი ფორმალობად იყო ქცეული.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 31 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონი“ 54 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 მაისს, „ლანსს“ უმასპინძლებს. ლიგა 1-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ძალიან დაძაბული მდგომარეობაა - მეორეადგილოსან „მონაკოსა“ და მეშვიდეადგილოსან „ლილს“ შორის სულ სხვაობა 2 ქულაა. ასე რომ, 6 გუნდს 2 ქულა განასხვავებს, წინ კიდევ სამი ტურია დარჩენილი.