სუპერლიგის 1 ვაკანტური ადგილისთვის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა – მე-10 ადგილზე გასული ტყიბულის ორბი და “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული კასპის გრიფინი იბრძვიან. თუმცა ამას ბრძოლას ვერ დავარქმევთ, რადგან სუპერლიგელმა ორბმა კასპის გუნდს სერიის უკვე მეორე მატჩი იოლად მოუგო და საბოლოო მიზნამდე 1 ნაბიჯი აშორებს.
შეგახსენებთ, რომ ეს ფორმატი უკვე წლებია, საქართველოს ჩემპიონატში არსებობს. ა ლიგის ფინალის წამგებ გუნდს რომ გადათამაშება სუპერლიგელისთვის მოეგოს აქამდე სამჯერ მომხდარა. ეს თბილისის ტიტებმა, გორის ივერიონმა და ვსა-მ მოახერხა. იმავეს გაკეთებას წლეულს კასპის გუნდი ცდილობს, თუმცა, როგორც ჩანს, აღარ გამოუვა.
სერია 3 მოგებამდეა, პირველი და მეორე მატჩები კი ტყიბულში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებებით დასრულდა. პირველი შეხვედრა ორბმა 104:81 (სტატისტიკა) მოიგო, მეორეში კი უფრო დამაჯერებლად – 117:81 (სტატისტიკა) იმარჯვა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, გრიფინმა ტყიბულელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რისი მიზეზიც ტრავმებია. გრიფინს რუსთავთან “ა” ლიგის ფინალის მსგავსად არ ჰყავს ელაია ბიუქენენი და ვასილ ბერუაშვილი. თუკი რუსთავთან 2 მატჩი იბრძოლა, ორბთან კასპელებს შანსი არ ჰქონიათ.
სერიის მესამე შეხვედრა კასპში, 27 აპრილს გაიმართება და ორბის მოგების შემთხვევაში ყველაფერი დასრულდება – ანუ ტყიბულელები სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.
GBF.GE