მადრიდის "რეალმა" ბრაზილიელ შემტევ ვინისიუს ჟუნიორთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი მზადაა. ახალი კონტრაქტის მიხედვით ბრაზილიელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" 2030 წლამდე დარჩება.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ ვინისიუსის შეძენა არაბეთის კლუბებს სურდა, თუმცა ბრაზილიელს ყოველთვის სურდა "რეალში" დარჩენა და ამ კლუბთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება.
ვინისიუს "რეალის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 46 მატჩში 20 გოლი და 14 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.