ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებაზეც გააკეთა კომენტარი.
"ძიუდო საქართველოში ძალიან პოპულარული სპორტია და ეს ოდითგანვე ასე იყო, ალბათ იმიტომ, რომ მებრძოლი ერი ვართ. მიხარია, რომ პირველი ვარ, ვინც ამ სპორტში ორჯერ მოახერხა ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
"პირველი ოლიმპიადის მოგებამდე ვთქვი, რომ ჩემი სურვილი იყო ოთხჯერ ოლიმპიური ჩემპიონობა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და ასე თუ ისე ელოდნენ ჩემს მეორედ ჩემპიონობას. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები ვისაც არ სჯეროდა, მაგრამ როდესაც რაღაც გულით მინდა იმისთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ."
"მეორედ მოგების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ხალხის დამოკიდებულება. ბავშვებისგან და გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოლიმპიადისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები, ჩემი რიტუალები მაქვს, რომელსაც ვასრულებ ხოლმე. პარიზში ოლიმპიადის წინა დღეს კარგად მეძინა და ტურნირს კარგად შევხვდი და ბოლომდე ისე მივედი როგორც მინდოდა."
"არასდროს აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგე ვინაა, რადგან ყველანი ჩემი ოცნებების და მიზნების წინააღმდეგ არიან, შესაბამისად ჩემი ოცნებების და მიზნებისთვის ყველა ოპონენტის დამარცხებაა საჭირო. ფინალში მურაოსთან მომიწია, მასთან ფსიქოლოგიური უპირატესობა მქონდა, რადგან სამჯერ დამარცხებული მყავდა, ამიტომ ფინალში ის უფრო ნერვიულობდა.ძალიან დაძაბული და სანახაობრივი ჭიდაობა გამოვიდა, როდესაც აგებ და შემდეგ ბრუნდები გამარჯვებაც უფრო სასიამოვნოა. ამ დროს ფინალის მოგება ორმაგად სასიამოვნო იყო."
"აშშ-ში გასამართი ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მინდა ჩემი ქვეყნისთვის რაღაც დიდი და განსაკუთრებული გავაკეთო. მსურს ჩემი პოტენციალი მაქსიმალურად ამოვწურო და სანამ შემიძლია არ გავჩერდები.მინდა ჩემი ხალხისა და მომავალი თაობის მოტივაცია ვიყო. დიდი სურვილი მაქვს ჩემს მაგალითზე ბევრი ახალგაზრდა გაიზარდოს, რომლებიც არათუ დიდი სპორტსმენები, არამედ დიდი ადამიანები გახდნენ."
გეტყვით, რომ 24 წლის ლაშა ბექაურმა ოლიმპიური თამაშებზე ორჯერ მოახერხა ოქროს მედლის მოგება, გარდა ამისა მის მონაგარში ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონობაა.