ფეხბურთი

21:47 | 20.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მორიგი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ, "ლესტერი" გავარდა, "მანჩესტერმა" ანტირეკორდი გაიმეორა

„ლივერპულმა“ ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. პრემიერლიგის 33-ე ტურში არნე სლოტის გუნდმა სტუმრად „ლესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.

71-ე წუთზე მოედანზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შევიდა, რომელმაც 5 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა, შეიძლება „ლივერპულის“ რიგებში ბოლოც.

„წითლები“ ჯერ ვერ გაჩემპიონედნენ, რადგან „არსენალმა“ „იფსვიჩი“ სტუმრად 4:0 გაანადგურა. სხვაობა 13 ქულაა, ოფიციალურად „ლივერპული“ ვერ გაჩემპიონდა, მაგრამ ეს მომდევნო ტურში შეუძლია გააკეთოს. თავის მხრივ, „ლესტერი“ ამ წაგებით ჩემპიონშიფში ოფიციალურად დაქვეითდა.

მოიგო „ჩელსიმ“, რომელმაც გასვლაზე „ფულჰემი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა, 57 ქულით მეხუთე ადგილზეა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ისევ დამარცხდა, ამჯერად შინ „ვულზვთან“ – 0:1. რუბენ ამორიმმა, რამდენიმე დღის წინ ღიად თქვა, რომ ისინი მხოლოდ ევროპა ლიგაზე ფიქრობენ და ახლა პრემიერლიგა აღარ აინტერესებთ. ამიტომაც, ეს შედეგი შეიძლება დიდი მოულოდნელობა არც იყოს.

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ოლდ ტრაფორდზე“ მერვე მატჩი წააგო, მსგავსი ცუდი შედეგი კი, „ოცნებათა თეატრში“ ბოლოს 1962-1963 წლების სეზონში ჰქონდა. „იუნაიტედი“ 38 ქულით მე-14 ადგილზეა, პრემიერლიგაში მართლაც არანაირი ამბიცია არ გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067301