უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე თამაშობს, ორი იძულებითი ცვლილებაა.
უელსთან მატჩის შემდეგ სამწუხაროდ გუნდს გამოაკლდნენ გუნდის კაპიტანი დავით ბარამია და შოთა გვრიტიშვილი. მეორეხაზელმა ბარამიამ ტვინის შერყევა მიიღო და პროტოკოლის თანახმად 3 კვირა იძლებითი დასვენება მოუწევს, ხოლო მესამეხაზელმა გვრიტიშვილმა მუხლი დაიზიანა. მისი დიაგნოზი და მკურნალობის ვადები მოგვიანებით დაზუსტდება. მხრის ტრავმა აქვს მათე ბერუაშვილს, თუმცა ის გუნდთან ერთად რჩება და შესაძლოა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით შეხვედრაში ითამაშოს.
ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად გუნდს დაემატნენ საბა გიორგიძე და ზაზა ლეჟავა. ისინი საფრანგეთში გუშინ ჩავიდნენ და უკვე გუნდთან ერთად არიან.
18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში საქართველო ირლანდიას 18 აპრილს, „სტად მუნიციპალ ლუის დარაგონზე“ ჩვენი დროით 15:15 საათზე ეთამაშება.
RUGBY.GE