„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩისა (2:3) და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ესპანელმა თქვა, რომ რთული მატჩი იყო, მაგრამ ბედნიერია მომდევნო ეტაპზე გასვლით, რაც მისი აზრით ადვილი არასდროსაა:
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ, რადგან ყოველთვის რთულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოხვედრა. ეს ზედიზედ მეორე წელია, როცა ეს შევძელით, ამიტომ ბედნიერები ვართ. მატჩი ძალიან რთული იყო. დავიწყეთ საუკეთესოდ, ორი გოლით, მაგრამ ამის შემდეგ გაგვიჭირდა.
პირველ ტაიმში საკმაოდ თავდაჯერებულები და მშვიდი ვიყავით. თუმცა ბევრ რამეში უნდა გავაუმჯობესოთ. საბოლოო ჯამში, ეს ტანჯვა ეხმარება გუნდს გაუმჯობესებაში, უკეთესობისკენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან არიან. არასოდეს არ უნდა ვიყოთ ზედმეტად თავდაჯერებულები, რადგან ფეხბურთში ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც შეიცვალოს, შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ. „ასტონ ვილა“ შესანიშნავი გუნდია, ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს. ამას პოზიტიურად უნდა შევხედოთ და ბედნიერები ვართ. გუნდი შარშანდელზე უკეთესია და ყველა ტიტულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”, - თქვა ლუის ენრიკემ.
შემდეგ ლუის ენრიკე პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც ასევე შეაფასა თამაში და აღნიშნა:
„ეს იყო მატჩი, რომელმაც მოლოდინი გაამართლა. როგორც ვთქვი, არანაირი გამოთვლები არ გაგვიკეთებია, სივრცეებით ვისარგებლეთ, მატჩის დასაწყისი გამორჩეული იყო. მეორე ტაიმში სამ წუთში ორი გოლი გავუშვით, დავიტანჯეთ, „ასტონ ვილამ“ თითქმის მიაღწია მიზანს, მაგრამ ეს მატჩი გაზრდის საშუალებას მოგვცემს. ძალიან ბედნიერი ვარ ზედიზედ მეორედ ნახევარფინალში გასვლით.
„არსენალი“ თუ „რეალი“? ნახევარფინალში სასურველი მეტოქე არ მყავს. ვაპირებ თამაშის ყურებას და სიამოვნების მიღებას, ცოტა ლუდთან ერთად. განსაკუთრებული ნახევარფინალი იქნება, ესპანური თუ ინგლისური გუნდის წინააღმდეგ.
როცა „ასტონ ვილამ“ ორი გოლი სწრაფად გაიტანა, ბევრი ეჭვი გაჩნდა, რადგან ამ სეზონში მეტოქისგან ასეთი დომინირების ქვეშ არ ვყოფილვართ. განსაკუთრებული ატმოსფერო იყო და მათ გვაჯობეს, როცა სამ წუთში ასეთ სტადიონზე ორ გოლს უშვებ, ყოველთვის რთულია. ახლა ტურნირზე ოთხი გუნდია დარჩენილი, ჩვენი მიზანია ამ თამაშიდან გავუმჯობესდეთ, რომელმაც დაგვანახა, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა ამ დონეზე არ შეიძლება. პირველმა გოლმა „ასტონ ვილა“ თამაშში დააბრუნა. მატჩის ბოლო ნაწილი უფრო მომეწონა, ბურთის უკეთ კონტროლი შევძელით. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ მზად ვართ სიტუაციის შესაცვლელად. მზად ვართ თავი ჩვენი კარისგან შორს დავიცვათ. ეს არის კარგი გაკვეთილი სასწავლად და გამოცდილების მისაღებად“, - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ ან ლონდონის „არსენალს“ შეხვდება. ნახევარფინალური მატჩები 29-30 აპრილს და 6-7 მაისს გაიმართება.