„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ემპოლისთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მათი მიზანია, „ინტერს“ ბოლომდე პრობლემები შეუქმნან:
„ემპოლი“ ნამდვილად ისეთი გუნდია, რომელიც მეტოქეებს პრობლემებს უქმნის, ძალიან ორგანიზებული გუნდია, ცოტათი მიკვირს კიდეც, რომ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ, გუნდი ძალიან გაიზარდა და სიმწიფე გამოავლინა.
დღეს „ნაპოლი“ სრულიად განსხვავებული გუნდია ყველა თვალსაზრისით, მენტალობითაც, რომელიც ფეხბურთელებმა შეიძინეს. ჩვენი მიზანი მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა იყო და პრობლემებს ვქმნით. „ინტერი“ ევროპის მასშტაბითაც სრულყოფილი და ძლიერი გუნდია, არათუ იტალიაში, მაგრამ გვსურს, მათ პრობლემები ბოლომდე შევუქმნათ. ვიღაცებმა „ნაპოლის“ მადლობა უნდა გადაუხადონ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ისევ ცოცხალია, მედიაში, ჟურნალებში მასზე საუბარი ისევ შესაძლებელია“, - თქვა კონტემ.
„ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, 68 ქულით მეორეა, „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და ბევრად უკეთესი კალენდარი აქვს, ვიდრე მილანურ გუნდს. კონტეს გუნდი მომდევნო ტურში პრაქტიკულად გავარდნილ „მონცას“ 19 აპრილს ესტუმრება.